რადიკალური მიდგომა იყო საჭირო და ჩვენ ამას მივესალმებით" - თენგიზ შარმანაშვილი განათლების სისტემის რეფორმაზე

თენგიზ შარმანაშვილი

უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებზე შეფასებები გრძელდება. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, რადიკალური მიდგომა იყო საჭირო, რაც მისასალმებელია.

"რადიკალური მიდგომა იყო საჭირო და ჩვენ ამას მივესალმებით. კარგად თუ დაუკვირდებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების პრობლემატიკა რაღაც ნაწილში გაემიჯნა კერძო უნივერსიტეტების პრობლემატიკას. სახელმწიფო თუ ხარჯავს ფულს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, ხარჯავს იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეები მოამზადოს საკუთარი ქვეყნის საჭიროებისთვის," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე დღეს განათლების კომიტეტზე იმსჯელებენ.

რეფორმა 2026 წლიდან ქვეყანაში საგრანტო დაფინანსების მოდელის გაუქმებას ითვალისწინებს - სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე კი სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.

ცვლილებები არ ეხებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ.

გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლება 3+1+1-ის ფორმატზე გადადის. რაც ბაკალავრის სტატუსის მისაღებად 4-ის ნაცვლად სამ წლიან სწავლას გულისხმობს.