ნინო წილოსანი: BBC-ის ფილმმა ვერ მიაღწია იმ წერტილს, კულმინაციას და ეს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა - ამ ყველაფერმა ჩაშალა დიდი სცენარი

ნინო წილოსანი

BBC-ის ფილმმა ვერ მიაღწია იმ წერტილს, რომელიც მას უნდოდა - რაღაც კულმინაციას და ეს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

მან ისაუბრა, შეასრულა თუ არა BBC-ის ფილმმა თავისი მისია, რაზეც ის იყო გათვლილი.

„ფილმმა ვერ მიაღწია იმ წერტილს, რომელიც მას უნდოდა - ამ რაღაც კულმინაციას და ეს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომელმაც წარმოუდგენელ ვადებში ჩაატარა გამოძიება. მოიკვლია ყველ საჭირო ინფორმაცია. გაასაჯაროვა და დაიგზავნა ყველა საჭირო უწყებაში, მათ მიეწოდა ინფორმაცია. ამიტომ, ამ ყველაფერმა ჩაშალა ის დიდი სცენარი, რომლითაც მათ უნდოდათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამ მავნებლობისა და დიდი ბოროტების აგორება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნეგატიური მომენტია საქართველოს რეპუტაციისთვის. ამავდროულად, ზუსტად ამ დაფინანსებული სტატიების ჟანრიდან არის - როგორც კი BBC-ის სტატია და ეს დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, უმალ Washington Examiner-მა დაიწყო მისი გავრცელება და დავინტერესდით, რატომ აიტაცა ეს ასე უცებ. სწორედ FARA-ს დოკუმენტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ Washington Examiner-ის მეშვეობით ერთ-ერთი კონცენტრირებულად მიმართული ლობისტური პოლიტიკა აწარმოვა იმისთვის, რომ ასეთი პასებით - BBC-ი იქნება თუ უფრო მაღალი რეიტინგის სხვა მედია საშუალებები წამოიწყებდნენ, სხვა ყველა დანარჩენს აეგორებინა და ტალღასავით გადავლილიყო“, - აღნიშნა წილოსანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.