ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

გეკა გელაძე

„ნდობის ჯგუფი დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრ გეკა გელაძის საქმიანობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ ნდობის ჯგუფის სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

მინისტრმა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ  ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და უკანონო მიგრაციის მართვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა და ყურადღება სპეციალური პროგრამების შესრულებაზე გაამახვილა.

გეკა გელაძემ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, საპოლიციო განათლების ახალ პროგრამებსა და ცალკეული დანაშაულის მიმართ პრევენციულ მიდგომებზე ისაუბრა.

„სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით ახორციელებს და მინისტრმა ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრაზე ცალკე სასაუბრო თემა იყო საპოლიციო განათლების საკითხები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის აკადემია ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს, სადაც აკადემიის მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში სამუშაო გამოცდილების მიღებასაც შეძლებენ. ნდობის ჯგუფი სამინისტროს მიერ 2025 წელს გატარებულ საიდუმლო საქმიანობას და სპეციალური პროგრამების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს და მინისტრს და მის გუნდს წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.