მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანტალიის ფორუმის ფარგლებში შედგება ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის.

„ანტალიის ფორუმში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი. წელს მასში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე სახელმწიფოს ლიდერი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს არის კარგი შესაძლებლობა გვქონდეს შეხვედრები კოლეგებთან. შედგება ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის. ანტალიის ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ლიდერების პანელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ისაუბრებს თანამედროვე გამოწვევებსა, თუ სამომავლო ხედვებზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.