1778240879
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო.
გიორგი დგებუაძე სიტყვით პლენარული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ დებატებზე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში.
გიორგი დგებუაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერებას, თავშესაფრის სისტემების რეფორმირებას, სასაზღვრო ტექნოლოგიების გაციფრულებას, მიგრანტთათვის რეინტეგრაციის პროგრამებისა და სერვისების გაფართოებას.
მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის მიზანია ქვეყნების დახმარება გლობალურ დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაში, არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებასა და მიგრაციასთან დაკავშირებული გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში.
საქართველოს დელეგაციას ღონისძიებაზე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.
ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.
„საქართველომ გააძლიერა შრომითი მიგრაციის სისტემა. შემოვიღეთ შრომითი ნებართვები და შევიმუშავეთ ცირკულარული მიგრაციის ჩარჩოები; ასევე გავაძლიერეთ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. გაძლიერდა სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრეფიკინგის პრევენცია, დოკუმენტების უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
ჩვენ ვაუმჯობესებთ მიგრაციის პოლიტიკას ყველა ეტაპზე. ეს მოიცავს რეინტეგრაციის პროგრამების გაფართოებას, დიასპორასთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და თავშესაფრის სისტემის რეფორმას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე უზრუნველვყოფთ დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობას.
საქართველო აქტიურად ავითარებს მიგრაციის მართვის ციფრულ სისტემებს. ეს მოიცავს ციფრულ სერვისებს, საზღვრის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხო საიდენტიფიკაციო სისტემებს“, - აღნიშნა დგებუაძემ.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.










