ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს

ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ადამიანებს კლავს, ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს. ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და ამიტომ ეს მოხსნეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.

„საია-ს ადამიანებზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდა, როდესაც უცხოეთში პროპაგანდისტული ფილმი გადაიღეს და საქართველოში შემოიტანეს. საია-ს სარჩელში უკვე ქიმიური იარაღი და „კამიტი“ ამოაგდეს. ხომ ნახეთ, თურმე რა მარტივია საქართველოზე ცუდი ამბების გავრცელება. აქამდე ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ქიმიური იარაღი და „კამიტი“ იყო გამოყენებული. ეტყობა, ვიღაცამ უცხოეთშიც თქვა, რომ „კამიტი“ და ქიმიური იარაღი აბსოლუტურად დამანგრეველ, მომაკვდინებელ შედეგებს იწვევს. საქართველოში ერთადერთი დაზარალებული იყო ძაღლი, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა და ბუმბულგაცვენილი თუთიყუში. საია-მ ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და ორი წლის შემდეგ ფიქრობს, რომ დაზარალებული არიან ადამიანები და პროკურატურას მიმართავს. თან ამბობს, ობიექტური გამოძიება ჩატარდესო. სხვა ინსტიტუციამ რომ ჩაატარა ობიექტური გამოძიება, მის მასალებს გაეცნენ და შეისწავლეს? სუს-ის გამოძიებაში სწორედ იმაზე იყო საუბარი, რაზეც მსოფლიოში საქართველოს წინააღმდეგ ქიმიური შემოტევა ატყდა. ეს შემოტევა ჩაიფუშა, რადგან ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ადამიანებს კლავს და ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს. ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და ამიტომ ეს მოხსნეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.