გიორგი კახიანი: ქართველ ხალხში ჩვენი საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს მოიაზრებენ, რომელსაც რუსთაველზე ვხედავთ, ასეთი განცხადებები, შესაძლოა, ცინიზმის შემცველი იყოს ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებით

 გიორგი კახიანი

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის სახელით ხდება ის რადიკალური მოქმედებები, რომლებსაც ხშირად რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. მოხშირდა განცხადებები, როდესაც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, სინამდვილეში, ქართველი ხალხი სრულიად განსხვავებულად ფიქრობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

გიორგი კახიანის განმარტებით, ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას უჭერს მხარს.

„ასეთ დროს ასეთი შინაარსის განცხადებები როდესაც კეთდება და ქართველ ხალხში ჩვენი საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს მოიაზრებენ, რომელსაც ხშირად რუსთაველზე ვხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ან უბრალოდ არ აქვთ სწორი ინფორმაციები, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქართველი ხალხი ვის უჭერს მხარს, ან ასეთი განცხადებები, შესაძლოა, ცინიზმის შემცველიც კი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებაში. ამიტომ მათ ვურჩევდი, სწორად გააცნობიერონ, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მოსახლეობა და შესაბამისი განცხადება გააკეთონ, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილში ასეთი განცხადებები ევროპული ღირებულებების მიმართ იმედგაცრუებას იწვევს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „იმედი აქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.