გიგა ფარულავა: სხვა ქვეყნებს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ, მაგრამ საფრანგეთისა და აშშ-ის კონტექსტს საქართველოსთან ნუ დააკავშირებთ

გიგა ფარულავა

ნებისმიერი სახელმწიფო საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებით უნდა მოქმედებდეს. ბუნებრივია, სხვა ქვეყნებს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ, მაგრამ საფრანგეთისა და ამერიკის კონტექსტს საქართველოსთან ნუ დააკავშირებთ, რასაც „ოცნება“ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონის პასუხთან დაკავშირებით.

გიგა ფარულავას თქმით, გამჭვირვალობის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილან, მაგრამ ხელისუფლება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს იყენებს რეპრესიებისთვის და არა სახელმწიფოსთვის.

„„ოცნება“ ადამიანებს მტრებად და მოყვარეებად ჰყოფს, სწორედ ეს არის განმასხვავებელი. სუვერენულ სახელმწიფოს თვისი ქვეყნის და მოქალაქეების ბედი უნდა აღელვებდეს და არა – ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნება. „ოცნება“ საფრანგეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობას თავისი პროპაგანდისთვის იყენებს“, – აღნიშნავს გიგა ფარულავა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.