1782113410
გამოიგონებენ „მტრის ხატს“ და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან - ნიკა გვარამია ოპოზიციაზე
„6 ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ, რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად?“, - ამ განცხადებით ეხმაურება პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია ოპოზიციაში არსებულ მორიგ შიდა დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებს.
გვარამია კოლეგებს შიდა კრიზისის გადასაფარად ხელოვნურად „მტრის ხატის“ შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები საკუთარი გადარჩენის მიზნით, სხვებზე თავდასხმით ფეიკ ერთობის დემონსტრირებას ცდილობენ.
„ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერჩის და ჩვენი დაშლა უნდათო, იწყებენ წიოკს.
ახლა, თავის ჭკუით, დაამუღამეს, რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ (და სულ ეგ აქვთ ბოლო 5 წელია), გამოიგონებენ „მტრის ხატს“ და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსევენ აჟიტირებულ ქალ-კაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი „საერთო მტრის წინააღმდეგ“ და ფეიკ ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს.
სასაცილოა ეს ყველაფერი, ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც.
მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენ ხარჯზე გადარჩენაში და არ აგყვებით. თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას,“ - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.









