ევროკავშირის ელჩის განცხადებას თბილისში მწვავე პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა

პაველ ჰერჩინსკი

"საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - ასე გამოიყურება ისტორიული ტრავმების გამოყენება პოლიტიკური წნეხისთვის და მუქარა საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებით - ევროკავშირის ელჩმა განცხადება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, მისი ციტატები კი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. პაველ ჰერჩინსკიმ ახსენა სამოქალაქო ომიც.

რა ხდება მაშინ, როდესაც სტუმარი მასპინძლის დაშინებით არის დაკავებული - დიპლომატის განცხადებას დიპლომატიური რეაგირება მოჰყვება. ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში მისვლა და განმარტება მოუწევს. მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი მას ხელისუფლების პოზიციას გააცნობს. ევროკავშირის ელჩის განცხადება მმართველ გუნდში უკვე შეფასდა ღია მუქარად.

ის, რაც მმართველი პარტიისთვის შანტაჟი, ვენის კონვენციის დარღვევა და პოლიტიკაში უხეში ჩარევაა, ევროინტეგრაციისკენ დაბრუნების მოწოდებაა ოპოზიციისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები ამტკიცებენ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ ევროპული მომავლის ალტერნატივად ძალადობის, სამოქალაქო ომისა და სიღარიბის წარმოჩენით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრიუსელის გადაწყვეტილებები დააანონსა.

მეგობრები არამეგობრულად არ საუბრობენ, დიპლომატები კი არადიპლომატიურად არ იქცევიან - ევროკავშირის ელჩს წერილობით უპასუხეს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა. ელჩის ნათქვამში ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა გაიხსენა ჰერჩინსკის მიერ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული მოწოდებაც, რომლითაც ოპოზიციის მხარდაჭერით ქართველ ხალხს მძიმე წარსულში დაბრუნებისკენ უბიძგებდა. დედაქალაქის მერის თქმით კი, ბნელ წარსულში დაბრუნებად ვერ შეფასდება პოლიტიკა, რომლითაც "ქართული ოცნება" ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას და სუვერენიტეტს იცავს.

მუქარას შორის, რომელიც ევროსკეპტიკოსებს უფრო აძლიერებს - განმარტებების გაკეთება ევროკავშირის ელჩს საქართველოს პირველ დიპლომატთან მოუწევს. პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ელჩის ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე შედგება. პოლონელი დიპლომატი, რომლის არაერთი განცხადებაც პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი გახდა, საქართველოში მისიას 5 თვეში, სექტემბერში დაასრულებს.