ეროვნული ბანკი: 2026 წლის მარტში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 775 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის მილიარდი ლარით გაიზარდა

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის მარტის ბოლოსთვის 72.74 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 2.37%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.94% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 775.38 მლნ ლარით, ანუ 1.89%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 907.04 მლნ ლარით, ანუ 3.02%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.53%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.04 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.60%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მარტის განმავლობაში 1.68%-ით, ანუ 624.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 37.79 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის მარტის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.27 პროცენტული პუნქტით.