ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულირება ძალიან არასწორად მიმაჩნია, დიდი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი რამ არავინ გააკეთოს - ზურაბ კიწმარიშვილი

ზურაბ კიწმარიშვილი

ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ამ თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბრიფინგი მთავარ საგამოძიებო უწყებასთან გამართა.

საქმეებზე უკვე დასრულებული გამოძიების მიუხედავად, ანი წითლიძე ამტკიცებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლექსო ლაშქარავას და ეროსი კიწმარიშვილის საქმეები ახლიდან საჭიროებს გამოძიებას.

წითლიძის განცხადებას პასუხობს კიწმარიშვილის ოჯახი. ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ ამ საქმით სპეკულირება.

"ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამ ვერსიებით სპეკულირება ძალიან არასწორად მიმაჩნია. ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი რამ არავინ გააკეთოს.

ბოლო პერიოდში სამჯერ დაიწერა საჯარო სივრცეში, ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ, რომ ამ ამბავთან - ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მე მქონდა თავდაპირველად რეაქცია, ბუნებრივია, მექნებოდა და "ავყვირდი", რაღაცა ასეთი ტერმინი იყო ნახსენები, და მერე ხელისუფლებამ "მომისყიდა", "შემაშინა" და "გავჩერდი". რაც ჩემთვის, ძალიან მძიმე ბრალდებაა, მაშინვე გავაცხადე იმ პერიოდში, რომ მადლობელი ვიყავი იმ საშუალებისთვის, რაც პროკურატურამ მომცა, რომ დავსწრებოდი საგამოძიებო მოქმედებებს და ყველაფერი ხდებოდა ჩემით თანდასწრებით, არაფერი ჩემი გვერდის ავლით არ მომხდარა.

მთავარი არის ფაქტები, ყველაფერზე ჩატარდა ექსპერტიზა. ეს ყველაფერი წერია საქმეში. წერია ისიც, თუ რა ვერ იქნა ბოლომდე გამოძიებული, წერია ისიც, რაც გამოძიებამ დაადასტურა და, იმ ეტაპზე, მე მეტი კითხვები აღარ მქონია", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.