არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, რა მომენტშიც პროკურატურამ, მასალების შეჯერებით და მტკიცებულებებით, ჩათვალა, რომ არის მყარი სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ წასასვლელად, ეს ნაბიჯი გადაიდგა - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

 პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს.

მამუკა მდინარაძე მაშინვე ამბობდა, რომ იმ ფონზე როდესაც ძალოვანი უწყებები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდ საქმეს აკეთებენ, აუცილებელია ეს პროცესი ერთეულმა გადაცდომებმა არ დააზიანოს.

სამართალდამცავი უწყებების კორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი ნებისმიერ დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რა მომენტშიც პროკურატურამ მასალების შეჯერებით და მტკიცებულებებით ჩათვალა რომ არის მყარი, იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა.

"არავინ ხელის დაფარებას არ აპირებს, ის მძიმე კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, იმ დღეებშივე და იმ მომენტშივე, პრემიერ-მინისტრის მაშინდელი გამოსვლების დროსაც, როდესაც ის მედიასაც მიმართავდა, იმ მომენტშივე იყო არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცავების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო არანაირი ძალის გადაჭარბება, რამაც მათ შორის, მაშინაც დაასტაბილურა მდგომარეობა. არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდეც საუბარი. რა მომენტშიც პროკურატურამ მასალების შეჯერებით და მტკიცებულებებით ჩათვალა რომ არის მყარი, იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.