ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა

რატი იოთანამიშვილი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, დადგენილებაში 284 დავალება იყო გაცემული.

„ამ დავალებების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს პროაქტიული მუშაობა ჰქონდა ყველა რელევანტურ უწყებასთან. შემოსული პასუხების გაანალიზების შედეგად, კომიტეტმა 284 დავალებიდან შესრულებულად 154 მიიჩნია, ხოლო შესრულების პროცესშია - 90 დავალება, რაც ჯამში 85.9%-ს შეადგენს. შეუსრულებელია 40 დავალება, რაც 14,1%-ია. რაც შეეხება შეუსრულებელ დავალებებს, ჩვენთვის შეუსრულებელ დავალებებზე ზედამხედველობა ერთი კალენდარული წლით არ სრულდება. საქართველოს პარლამენტი და ჩვენი კომიტეტი ამ 40 დავალების შესრულებაზე ზედამხედველობას გააგრძელებს, ვიდრე თითოეული დავალება, რომელიც დადგენილებით იყო გაცემული, შესრულებულად არ ჩაითვლება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.