თურქეთმა და სომხეთმა ანისის ხიდის ერთობლივად აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ფაშინიანი

თურქეთმა და სომხეთმა ისტორიული ანისის ხიდის ერთობლივად აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, ორივე მხარის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერეს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სერდარ კილიჩმა და ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა, რუბენ რუბინიანმა.

რესტავრაციის პროექტი ფოკუსირებული იქნება ისტორიულ ანისის ხიდზე, რომელიც სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარზე მდებარეობს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ჩევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ ხიდთან დაკავშირებით შეთანხმება „სიმბოლური და კონკრეტული თანამშრომლობის“ მაგალითია, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს „მდგრადი მშვიდობისა და ნდობის გარემოს“ ჩამოყალიბებას.

ილმაზმა დასძინა, რომ ანკარა გააგრძელებს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ძალისხმევას, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხალხთა შორის კონტაქტების განმტკიცებას.