The New York Times: აშშ ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს რეგულაციებთან დაკავშირებული დავის ფონზე სანქციებით ემუქრება

კო

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დისკრიმინაციისთვის გააკრიტიკეს და ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმებით დაემუქრნენ. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს განცხადება აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში უფრო დაძაბული პერიოდის დაწყებაზე მიანიშნებს იმ ფონზე, როცა ორივე მთავრობა წელს გამოცხადებული სავაჭრო ჩარჩოს დასრულებაზე მუშაობს. შეერთებული შტატები ევროპას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიებისთვის საკუთარი ტექნოლოგიური სექტორი უფრო მეტად გახსნას. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირები ჩივიან, რომ ევროკავშირს უკან არ დაუხევია კომპანიების საქმიანობის ფართო რეგულაციების დაწესების მხრივ და ამავე დროს, აგრძელებს ისეთი მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების  მიმართ გამოძიებას, როგორიცაა Google, X, Amazon და Meta.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა, რომელიც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ "დისკრიმინაციული და შემავიწროებელი სარჩელების, გადასახადების, ჯარიმებისა და დირექტივების უწყვეტ პოლიტიკას" აგრძელებენ.

აშშ წლების განმავლობაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან შეშფოთებას გამოხატავდა, თუმცა, „მნიშვნელოვანი ჩართულობის გარეშე“, ამავდროულად, ევროპულ კომპანიებს შეერთებულ შტატებში თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა, ნათქვამია განცხადებაში. თუ ევროკავშირი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, შეერთებულ შტატებს „სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ არაგონივრული ზომების წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა (U.S.T.R.). შესაძლო ზომებს შორის კი დასახელდა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის დაწესებული საკომისიოები და შეზღუდვები, ასევე აღინიშნა, რომ იგივე მიდგომა გამოყენებული იქნება იმ სხვა ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ევროპის სტრატეგიას გაიზიარებენ.

პოსტში გამოკვეთილი იყო პოტენციური ევროპული მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც შესაძლოა სამიზნედ იქცნენ; ჩამონათვალში შედიოდნენ Accenture, DHL, Mistral, SAP, Siemens და Spotify, სხვებთან ერთად.

New York Times-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის, როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აგრესიული რეგულატორის როლის გამო, თუმცა, ასეთი პირდაპირი საპასუხო ზომებით მუქარით, ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით შორს მიდის, რათა ბრიუსელში ოფიციალური პირები უკან დახევაზე დაიყოლიოს.

„ჩვენ, ევროკავშირი, გავაგრძელებთ ჩვენი წესების სამართლიანად და დისკრიმინაციის გარეშე აღსრულებას“, -  ციტირებს გამოცემა ევროკომისიის წარმომადგენლის, თომას რენიეს სიტყვებს, რომელმაც დასძინა, რომ ბლოკი „გააგრძელებს თანამშრომლობას“ შეერთებულ შტატებთან მათი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

"ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, შეამსუბუქოს ტექნოლოგიების გარკვეული რეგულირება ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და ხელოვნური ინტელექტის განვითარების წახალისების მიზნით. თუმცა, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ნაკლები გახსნილობა გამოავლინეს სოციალურ მედიასთან და ანტიკონკურენტულ ქცევასთან დაკავშირებული ძირითადი რეგულაციების შეცვლის მიმართ, რომლებიც ხშირად ამერიკელების საჩივრების ცენტრშია.

პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა ამ თვეში გააკრიტიკეს ბლოკი მას შემდეგ, რაც მისმა მარეგულირებლებმა ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმა X დაახლოებით 140 მილიონი დოლარით დააჯარიმეს ციფრული გამჭვირვალობის წესების დარღვევისთვის. X-ის კიდევ ერთმა გამოძიებამ, შესაძლოა, დამატებითი ჯარიმები და სასჯელები გამოიწვიოს. „ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“, - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას," - წერს The New York Times.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ბრიუსელის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი გამოძიება კომპანიების, მათ შორის Google-ის, Microsoft-ის, Amazon-ის და Meta-ს მიმართ. ეს ემატება მილიარდობით ჯარიმას, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური, ციფრული კონფიდენციალურობისა და საგადასახადო წესების დარღვევისთვის იქნა დაკისრებული.
ეს ამბავი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის რთულ მომენტში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა ისტორიულად მჭიდრო მოკავშირეები იყვნენ, გასულ წელს ეს ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა." - აღნიშნულია სტატიაში.

https://www.nytimes.com/2025/12/16/business/economy/us-eu-tech-penalties.html