სტივ უიტკოფი 21 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება და რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება - ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი

სტივ უიტკოფი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ, 21 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება. ამის შესახებ სტორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათთან განიხილავს ამ შეხვედრასა და იმ წინადადებებს, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ. შესაძლოა, ამან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საფუძველი შექმნას“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

სტორეს თქმით, ნორვეგიაში გამართული მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს „უკრაინის უსაფრთხოებასთან, ომის შემდგომი კეთილდღეობის გეგმასთან, ტერიტორიებთან, სანქციებთან და ომის დასრულების შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხები“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩავიდა, სადაც ნორვეგიის ოფიციალურ პირებს შეხვდა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან და ევროპელ პარტნიორებთან ომის დასრულების გზებზე გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.

✕