სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, მისი მოსახლეობა თავისუფალია, თავად აირჩიოს ქვეყნის გზა - მარტა კოსი

მარტა კოსი

სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, მისი მოსახლეობა თავისუფალია, თავად აირჩიოს ქვეყნის გზა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის სოლიდარობა სომხეთის მიმართ რუსეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში სომხეთის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გავზარდოთ. ასევე, დავაჩქარებთ ჩვენს მუშაობას სამხრეთ კავკასიაში და მის შიგნით სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს მის უშუალო მეზობლებთან“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.