ქართველმა კაცმა პარტნიორის დახრჩობა, სავარაუდოდ, მისი 14 წლის შვილის თვალწინ სცადა - საბერძნეთის პოლიციამ ის დააკავა

დაკავება

ბერძნულ მედიაში მძიმე დანაშაულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის ფიგურანტიც ქართველია. არსებული ცნობებით, 14 დეკემბერს, შუაღამით, თესალონიკში, ამბელოკიპების რაიონში, ოჯახში ძალადობის მძიმე შემთხვევა მოხდა.

44 წლის ქართველი კაცი, სავარაუდოდ, შეეცადა თავისი 34 წლის პარტნიორის მოკვლას - მან ქალს კისერზე ორი თასმა შემოახვია. ქალმა შეძლო თავის დაღწევა, რადგან თავდაცვის უნარები კარგად ჰქონდა გამომუშავებული და საბრძოლო ხელოვნებას ფლობდა.

პოლიციელებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს, ის მართლმსაჯულების წინაშე უკვე წარდგა.

კონფლიქტს წინ უძღოდა ეჭვიანობის სცენა, რომელიც მანამდე, ტელეფონით დაიწყო.

„ბრალდებულმა ძალადობისთვის ორი თასმა გამოიყენა - ერთი, საკუთარი სპორტული ტანსაცმლის, ხოლო მეორე, ქალს ჰუდიდან მოხსნა. მან ქალს თასმები მჭიდროდ შემოახვია კისერზე, აშკარა განზრახვით, რომ ვერ ესუნთქა,“ - ნათქვამია საქმის მასალებში.

34 წლის ქალმა ჩვენებაში განაცხადა, რომ საბრძოლო ხელოვნებების ცოდნის წყალობით, შეძლო, ხელი გაეძვრინა თასმებსა და კისერს შორის, რითაც თავი დააღწია დახრჩობას.

კისერსა და ხელზე არსებული თასმის კვალი აშკარად ჩანს და ადასტურებს მის ნათქვამს, სანდო წყაროების ცნობით.

პოლიციის წინასწარი გამოძიების მიხედვით, წყვილი შემთხვევის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება ოჯახში ძალადობის მძიმე დანაშაულები: მკვლელობის მცდელობა პარტნიორის მიმართ და განმეორებითი ძალადობა, რომელიც მოხდა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

ამჟამად, დაზარალებულ ქალს აქვს აპლიკაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით გამოიყენება. მან განაცხადა, რომ არ სურდა ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრში გადაყვანა თავის შვილთან ერთად. შესაბამისად, დედა და შვილი დაბრუნდნენ მათივე საცხოვრებელ სახლში.