1782072928
Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისის შესრულებას 2027 წლიდან დაიწყებს
ავიაკომპანია Qantas-ი სიდნეისა და ლონდონს შორის რეგულარული პირდაპირი რეისების შესრულებას 2027 წლის ოქტომბრიდან გეგმავს. ფრენის დრო დაახლოებით 20 საათს შეადგენს.
ეს მარშრუტი, რომლის სიგრძეც 16 ათას კილომეტრზე მეტია, ყველაზე გრძელი გახდება რეგულარულ სამგზავრო რეისებს შორის. ამჟამად ამ ქალაქებს შორის ფრენას, გადაჯდომის ჩათვლით (ყველაზე ხშირად სინგაპურში), დაახლოებით ერთი დღე სჭირდება.
რეისისთვის გამოიყენებენ Airbus A350-1000ULR-ს. მწარმოებელი დაამონტაჟებს დამატებით საწვავის ავზს, რომლის მოცულობაც დაახლოებით 20 ათასი ლიტრი იქნება, რაც ფრენის მაქსიმალურ ხანგრძლივობას 22 საათამდე გაზრდის. თვითმფრინავი გათვლილია 238 მგზავრზე სტანდარტული 400-480 ადგილის ნაცვლად. სავარძლების რაოდენობის შემცირება ხანგრძლივი მგზავრობის ორგანიზებას უკავშირდება.
სალონში გათვალისწინებულია დასასვენებელი ზონები, სადაც მგზავრებს შეეძლებათ გადაადგილება, წყლის დალევა და წახემსება. განათება ფრენის ეტაპების მიხედვით შეიცვლება, ხოლო კვების რეჟიმი სინქრონიზებული იქნება სპეციალურ გრაფიკთან, რომელიც გათვლილია დროის სარტყლების ცვლილებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად.
Qantas-მა უკვე ჩაატარა სატესტო პირდაპირი რეისები ნიუ-იორკს, ლონდონსა და სიდნეის შორის, რათა შეესწავლა ხანგრძლივი ფრენების გავლენა მგზავრების მდგომარეობაზე. ექსპერიმენტების მსვლელობისას გამოიყენებოდა მოწყობილობები ძილის, აქტივობისა და კვების ანალიზისთვის.
ამჟამად ყველაზე გრძელ რეგულარულ პირდაპირ სამგზავრო რეისად ითვლება მარშრუტი სინგაპური - ნიუ-იორკი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 15,3 ათასი კილომეტრია, ხოლო ფრენის დრო - დაახლოებით 19 საათი.









