პოლონეთში პირველი სექტემბრიდან სკოლებსა და ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

სმარტფონი

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აკრძალული იქნება. ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად შევა.

კანონის თანახმად, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე სმარტფონებისა და მსგავსი ფუნქციის მქონე მოწყობილობების გამოყენება აეკრძალებათ. შეზღუდვა ვრცელდება არა მხოლოდ გაკვეთილების მიმდინარეობისას, არამედ შესვენებებსა და კლასგარეშე აქტივობების დროსაც. იგივე აკრძალვა ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც.

კანონი რამდენიმე გამონაკლისსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენება დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი მოწყობილობის გამოყენებას სასწავლო პროცესის ფარგლებში დაგეგმავს. ასევე, მოსწავლეს შეეძლება სმარტფონის გამოყენება მშობლებთან დაკავშირების აუცილებლობის შემთხვევაში.

გარდა ამისა, გამონაკლისი შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ან სხვა სპეციალური აპლიკაციის ან სმარტფონით სამართავი მოწყობილობის გამოყენება სჭირდებათ.

ანალოგიური შეზღუდვის დაწესებას განიხილავს ჩეხეთის მთავრობაც, რომელიც, არსებული გეგმის მიხედვით, 2027 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.