1765629268
პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც კლიენტებს არწმუნებდა, რომ მათი სამკაულები დაწყევლილი იყო და მათ „გასასუფთავებლად“ მილიონობით თანხა მიითვისა
ევროპაში ეძებენ 44 წლის მარიანნა მიაილოვიჩს, რომელიც თავს მკითხავად და ნათელმხილველად ასაღებდა და მიუნხენისა და ვენის შეძლებულ ქალებს ფულსა და ძვირფასეულობას სძალავდა. ამის შესახებ წერს გამოცემა The Telegraph.
პროკურატურის ინფორმაციით, მარიანნა და მისი რძალი ანა კლიენტებს არწმუნებდნენ, რომ მათი სამკაულები დაწყევლილი იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თუ ძვირფასეულობას „გასუფთავების“ რიტუალებისთვის არ გადასცემდნენ, მათ ოჯახებს მძიმე უბედურება დაატყდებოდათ თავს. როგორც კი მარიანნა და ანა სამკაულებს მიიღებდნენ, ისინი უჩინარდებოდნენ.
ასე, მარიანნამ ერთი ქალი დაარწმუნა, რომ იგი შეპყრობილი იყო, მეორეს კი კიბოსგან განკურნებას დაჰპირდა. სასოწარკვეთილმა ავადმყოფმა მას უზარმაზარი თანხა გადასცა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თაღლითობის 10 წლის განმავლობაში მარიანნამ სულ მცირე 19 ადამიანი მოატყუა და მათგან 8,3 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიითვისა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ეზოში, აუზის ქვეშ, მოწყობილი იყო საიდუმლო ოთახი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ლუქის საშუალებით იყო შესაძლებელი. იქ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 25 კილოგრამი ოქროს ზოდები, ძვირფასი სამკაულები, საათები და აშშ-ისა და შვეიცარიის ნაღდი ფულის შეკვრები. გარდა ამისა, მათ მარიანნას ოჯახს ჩამოართვეს 14 ძვირად ღირებული ავტომობილი, მათ შორის Aston Martin-ის, Jaguar-ისა და BMW-ის მარკის მანქანები, და გაუყინეს საბანკო ანგარიშები.
ჩხრეკის დროს სახლში მარიანნას 29 წლის ვაჟი და მისი ყოფილი ქმარი იმყოფებოდა. მამაკაცები ამტკიცებდნენ, რომ ქალის თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და უძრავი ქონების გაყიდვის აგენტებად მუშაობდნენ. ისინი ანასთან ერთად დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს, ხოლო თავად მარიანნას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.












