კალიფორნიამ არასრულწლოვანთა ქორწინება აკრძალა, ეს პრაქტიკა აშშ-ის 32 შტატში ჯერ კიდევ კანონიერია

გევინ ნიუსომი

„ბიბისის“ ცნობით, კალიფორნიაში ბავშვთა ქორწინება ოფიციალურად აიკრძალა. შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამ პრაქტიკას კრძალავს. ბავშვთა ქორწინება აშშ-ის 32 შტატში ამ დრომდე კვლავ კანონიერია.

კალიფორნიაში მიღებული ახალი კანონი 2027 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში და კალიფორნიაში ქორწინების დასაშვებ მინიმალურ ასაკად 18 წელს განსაზღვრავს.

გევინ ნიუსომმა კანონს ხელი მოაწერა კორტნი სტოდენთან ერთად. სტოდენის მშობლებმა მას 16 წლის ასაკში 50 წლის ჰოლივუდის მსახიობზე დაქორწინების უფლება მისცეს. კორტნი სტოდენი წლების განმავლობაში ბავშვთა ქორწინების აკრძალვის კამპანიაში იყო ჩართული. ნიუსომმა განაცხადა, რომ ახალი კანონი „დიდი ხნის წინ იყო მისაღები“ და ის ახალგაზრდა კალიფორნიელებისა და არასრულწლოვნების დაცვას ემსახურება.

„ბიბისის“ ცნობით, დაახლოებით ათი წლის წინ ბავშვთა ქორწინება აშშ-ის ყველა შტატში იყო დაშვებული. კალიფორნია მე-18 შტატია, სადაც 2018 წლის შემდეგ ბავშვთა ქორწინება აკრძალეს. მანამდე კალიფორნიაში ქორწინებისთვის კანონით განსაზღვრული მინიმალური ასაკი არ არსებობდა. არასრულწლოვნებს დაქორწინება შეეძლოთ მშობლების თანხმობისა და მოსამართლის ნებართვის შემთხვევაში. ამასთან, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განქორწინების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობდა. უფლებადამცველები და ბავშვობაში დაქორწინებული ქალები აცხადებდნენ, რომ ამის გამო ისინი ძალადობრივ და ექსპლუატაციურ ურთიერთობებს ვერ აღწევდნენ თავს.

✕