1782072928
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დიალოგის მომხრეა, თუმცა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის პოლიტიკური პოზიციების კარნახი მიუღებელია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დიალოგის მომხრეა, თუმცა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის პოლიტიკური პოზიციების კარნახი მიუღებელია. „ევრონიუსის“ ცნობით, ეს განცხადება გიდეონ საარმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ კაია კალასთან დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე გააკეთა.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ წყვეტს კალასთან ურთიერთობებს, მის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულების აპარტეიდთან შედარების გამო.
საპასუხოდ კალასმა განაცხადა, რომ აფასებს ისრაელთან დიალოგს.
„ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, გულწრფელი და ღია დიალოგის მნიშვნელობის,თუმცა, დიალოგი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის პოლიტიკური პოზიციების კარნახი“, – განაცხადა საარმა.
მისივე თქმით, ევროპისა და ისრაელის ურთიერთობები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.
ისრაელის პრემიერ მინისტრი დღეს შეხვდა იერუსალიმში ჩასულ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხებში ევროკომისარ დუბრავკა შუიცას.
საართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შუიცამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებს უნდა შეეძლოთ გულახდილად საუბარი და დასძინა, რომ „პარტნიორობა მოითხოვს ღია და გულწრფელ დიალოგს“.
პრესკონფერენციის დროს არც მას და არც საარს არ გაუკეთებიათ კონკრეტული მინიშნება კალასზე.









