ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, დიდ კომპრომისს წარმოადგენს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ ტერორისტებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა უნდა იყოს.

„ეს ნომერ პირველი ნაბიჯია. როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ თავს ჩვენ დაგვესხნენ, ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, ათიათასობით ადამიანი მოკლეს, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ცოცხლად დამარხეს. ამდენად, ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, დიდ კომპრომისს წარმოადგენს. ყველა სამშვიდობო ინიციატივა ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს. ამაზე ყველა თანხმდება, რუსეთის ფედერაციის გარდა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.