ირანში ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯა

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისთვის განზრახ ავტომობილის დაჯახება და პოლიციის ოფიცრის მკვლელობა.

ირანული მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, განაჩენი უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემდეგ აღასრულეს.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, ინციდენტი საპროტესტო ტალღის დროს მოხდა, როდესაც ბრალდებულმა ავტომობილი განზრახ დააჯახა სამართალდამცველთა ჯგუფს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება ირანის ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ გამოტანილ მკაცრ განაჩენებსა და სიკვდილით დასჯის პრაქტიკას აქტიურად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები ხშირად დაჩქარებულად და დაცვის უფლების დარღვევით მიმდინარეობს.