„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა

ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებ

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა ცენტრალურ და სამხრეთ ირანში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. საპასუხო ოპერაციის ფარგლებში „გუშაგთა კორპუსმა“ ბაჰრეინში, შეიხ ისას ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში მიიტანა. მათი განცხადებით, სამიზნე გახდა ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ცენტრი.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, „საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“.

ამავე დროს, „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანმა იერიში მიიტანა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზეც.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 12 ივლისს ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე განადგურდა ათეულობით სამხედრო სამიზნე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო რადარები, სარაკეტო და დრონების შესაძლებლობები, ასევე მცირე ზომის სამხედრო კატერები. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის შესაძლებლობების შეზღუდვა იყო, რომ ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებზე თავდასხმები ვეღარ განეხორციელებინა. უწყება ასევე აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს კომერციული გემებისთვის ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას.