ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
ინდოეთი გამოავლენს, მიაკვლევს და დასჯის ყველა ტერორისტსა და მათ მხარდამჭერებს, დევნას დედამიწის კიდემდე გავაგრძელებთ, ტერორიზმი დაუსჯელი არ დარჩება, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებიან.
„ვეუბნები მთელ მსოფლიოს, ინდოეთი გამოავლენს, მიაკვლევს და დასჯის ყველა ტერორისტსა და მათ მხარდამჭერებს. ჩვენ მათ დევნას გავაგრძელებთ დედამიწის კიდემდე. ინდოეთის სული არასოდეს გატყდება ტერორიზმის წინაშე. ტერორიზმი არ დარჩება დაუსჯელი. ეს იყო არა მხოლოდ თავდასხმა უიარაღო ტურისტებზე, ამ ქვეყნის მტრებმა გაბედეს თავდასხმა ინდოეთის სულზე. მინდა, ნათლად ვთქვა, ტერორისტებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მოაწყვეს ეს თავდასხმა, წარმოუდგენელი სასჯელი ელით, ისინი აუცილებლად დაისჯებიან“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, ქაშმირშის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ინდოეთმა პაკისტანთან დამაკავშირებელი მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ასევე, ნიუ დელი გავიდა წყლის გაზიარების შეთანხმებიდან, ქვეყნიდან გააძევა პაკისტანელი სამხედრო ატაშეები და პაკისტანის ზოგიერთ მოქალაქეს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.
ინდოეთში მიიჩნევენ, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობის ნაწილი პაკისტანს ეკისრება, რადგანაც ისლამაბადი რეგიონში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უჭერს მხარს. პაკისტანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
ცნობისთვის, ქაშმირის პროვინციაში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაიჭრა.