ღაზაში პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს რუსეთმა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი - პუტინი

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმა განხორციელდება.

მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში სისხლის ღვრის დასრულებისკენ. პუტინმა ამის შესახებ ტაჯიკეთში, რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა ცნობილი ინიციატივები და როგორც ნახეთ, რუსეთმა მათ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ახლა. მედიის ინფორმაციით, მიღწეულია საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს ინიციატივები პრაქტიკაში განხორციელდება. ეს ინიციატივა თავდაპირველად დადებითად აღიქვეს არაბულ და ზოგადად ისლამურ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ მშვიდობიან ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერებას და მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ვითარების გრძელვადიანი სტაბილიზაციის მთავარი პირობაა დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.

„უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებით, არამედ ვცდილობთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დარეგულირებაში“, – განაცხადა პუტინმა.