ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო კუნძული დაიკავა - BBC

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო კუნძული დაიკავა

ჩინეთის სანაპირო დაცვამ აპრილის შუა რიცხვებში დაიკავა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძული, რომელიც ფილიპინების სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარეობს. ჩინური მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ შლიან ჩინელი ოფიცრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშას დაუსახლებელ კუნძულ სენდი-ქეზე (მეორე სახელი ტესიან ძიაო). აღნიშნულ კუნძულზე პრეტენზიას ფილიპინებიც აცხადებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ჩინეთმა „განახორციელა საზღვაო კონტროლი და გამოიყენა სუვერენული იურისდიქცია“. მოგვიანებით, ფილიპინებში გაავრცელეს ცნობა, რომ მათი მეზღვაურები ასევე ჩავიდნენ კუნძულზე და ფილიპინების ეროვნული დროშა გაშალეს, თუმცა ფოტოების მიხედვით, რთულია იმისა თქმა, იმყოფებოდნენ თუ არა ფილიპინელები სენდი-ქეიზე.

მომხდარს გამოეხმაურნენ თეთრ სახლში და განაცხადეს, რომ ჩინეთის მიერ სადავო კუნძულის დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობა თუ სიმართლეს შეესაბამება, ღრმად შემაშფოთებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ თეთრ სახლში თქვეს, რომ „მსგავსი ქმედებები ემუქრება რეგიონულ სტაბილურობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს“.

ცნობისთვის, ჩინეთის მიერ სადავო კუნძულის დაკავების შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც აშშ და ფილიპინები ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს მართავენ. სწავლებებში 17 000 სამხედრო მონაწილეობს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, კუნძული სენდი-ქეი არის ქვიშის მეჩეჩი, რომლის ფართობი ოდნავ აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, მაგრამ ჩინეთისთვის მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სტატიაში ნათქვამია, რომ კუნძულის დაკავება ჩინეთს საშუალებას მისცემს, პრეტენზია განაცხადოს ასევე კუნძულ ტიტუზე, რომელიც ფილიპინებს ეკუთვნის.