აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმენიდან“ კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი გადავარდა

„ჰარი ტრუმენი“

აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმენიდან“ კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, წითელ ზღვაში მცურავ ამერიკულ ავიამზიდზე დაშვებისას F-18-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და წყალში ჩავარდა. შემთხვევა 6 მაისს მოხდა.

როგორც მედია წერს, მფრინავმა და შეიარაღების სისტემის ოფიცერმა კატაპულტირება განახორციელეს, რომლებიც მოგვიანებით ვერტმფრენით იპოვეს წყალში. ინციდენტის შედეგად ორივე მათგანმა მცირე დაზიანებები მიიღო. წყალში ჩავარდნის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავი ჩაიძირა.

გავრცელებული ინფორმაციით, იმავე დღეს აშშ-ის ავიამზიდის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს იემენელმა „ჰუსიტებმა“, თუმცა უცნობია, ერთმანეთთან დაკავშირებულია თუ არა ეს ორი ინციდენტი.

ცნობისთვის, ერთი კვირით ადრე აშშ-ის ავიამზიდიდან კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი გადავარდა, როდესაც „ჰარი ტრუმენი“ იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის მოგერიებას მკვეთრი შემობრუნებით შეეცადა.