1757269592
ცნობილი რეჟისორის, აკაკი ფოფხაძის ფილმის "სისხლის სახელით" ქართული პრემიერა 11 სექტემბერს გაიმართება

ქართველი რეჟისორის, აკაკი ფოფხაძის ფილმის "სისხლის სახელით" ქართული პრემიერა 11 სექტემბერს გაიმართება. (წარმოების ქვეყანა : საფრანგეთი, ბელგია, საქართველო, ავსტრია.)
მსოფლიო პრემიერა 2024 წელს სან სებასტიანის ფესტივალზე შედგა. ფილმი, ძირითადად, ემიგრაციაზეა და, ამასთან, ქართულ თემატიკასთანაც არის კავშირში.
“როდესაც 13 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და საფრანგეთში წამოსულიყო. ემიგრაციის მდგომარეობას თან ახლდა სიდუხჭირე და დამცირება, რაც ჩემთვის დიდი კულტურული და ემოციური შოკი იყო. მე გავიზარდე ძირითადად მამაკაცურ გარემოში, ერთადერთი ქალი, ვისაც ვეყრდნობოდი, დედა იყო. სწორედ ამიტომ, ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟი დედაა. ძლიერი კაცებიც კი ყოველთვის ბავშვებად იქცევიან დედების წინაშე. ფილმით “სისხლის სახელით“ მსურდა ძალადობისა და შურისძიების მარცხის შესახებ მოთხრობა. ღრმად მწამს, რომ მამაკაცურობასა და ღირსების დევნაში სიჯიუტეს განადგურებამდე მიჰყავს ადამიანი. ფილმში ნანატრი შურისძიება ვერ ხორციელდება. ტოქსიკური მამაკაცურობა სიკვდილამდე მიდის. ძლიერი კაცები ნაგვის ურნებში ამთავრებენ,” - ამბობს აკაკი ფოფხაძე.
ფილმმა უკვე მოიპოვა წარმატება, რივიერას კინოფესტივალზე, აკაკი ფოფხაძეს ფილმისთვის „სისხლის სახელით“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
აკაკი ფოფხაძე 1991 წელს საქართველოში დაიბადა, 13 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ ოჯახთან ერთად ნიცაში გადავიდა. სწავლობდა ESRA-ს კინოსკოლაში. 2017 წელს გადაიღო „Le Soleil des nuits blanches“, რომელიც PÖFF Shorts-ზე (Tallinn Black Nights) აჩვენეს. 2018-ში გადაიღო „Je Vois“ – 36 წუთიანი ფილმი, რომელმაც მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის CNC-ის Prix de Qualité და „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი Copenhagen Film Festival-ზე.