„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პირველ გამოცემას აუქციონზე გაიტანენ

ქარიშხლიანი უღელტეხილი

აუქციონის სახლი Christie’s ივნისის ბოლოს გამართავს ვაჭრობას, რომელზეც წარადგენს ემილი ბრონტეს რომანის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ერთ-ერთ შემორჩენილ პირველ გამოცემას ორიგინალის ქსოვილის ყდით. AP-ს ცნობით, ეს ეგზემპლარი ღია ბაზარზე საუკუნეზე მეტია არ გამოჩენილა.

ეგზემპლარი 400-600 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასდა. მასთან ერთად აუქციონზე გაიტანენ ენ ბრონტეს რომანის, „აგნეს გრეის“ პირველ გამოცემასაც. ორივე წიგნი 1847 წელს კაცის ფსევდონიმებით გამოიცა, რომლებსაც დები ბრონტეები ნაწარმოებების გამოქვეყნებისას იყენებდნენ.

Christie’s-ის წიგნებისა და ხელნაწერების სპეციალისტმა, მარკ უილტშირმა განაცხადა, რომ ორიგინალი ქსოვილის ყდები თითქმის არ შემორჩენილა. მისი თქმით, ბევრი ეგზემპლარი მოგვიანებით ხელახლა აკინძეს ბიბლიოთეკებისა და კერძო კოლექციებისთვის. აუქციონის სახლში დააზუსტეს, რომ პირველი გამოცემის ტირაჟი დაახლოებით 250 ასლს შეადგენდა.