1756145280
მეუღლის ინტიმური ფოტოები უკანონოდ გაავრცელა - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში, გარდაბანში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, უკანონოდ გაავრცელა მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები.
ბრალდებული 24 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.