1696234801
აზიის განვითარების ბანკმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში განვითარების ხელშესაწყობად 2024 წელს თითქმის 40 მილიარდი დოლარი განათავსა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2024 წელს საკუთარი რესურსებიდან 24.3 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო და დამატებით 14.9 მილიარდი დოლარი მოიზიდა პარტნიორებიდან თანადაფინანსების სახით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული განვითარების კომპლექსური გამოწვევების გადასაჭრელად.
ADB-ს ფინანსური და ოპერაციული შედეგები დღეს ბანკის 2024 წლის წლიურ ანგარიშში გამოქვეყნდა. ანგარიში აჯამებს ბანკის მიერ განვითარებადი წევრი ქვეყნების მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ განვითარებაში შეტანილ წვლილს.
„ძლიერი ფინანსური შესაძლებლობებითა და გამახვილებული სტრატეგიული ფოკუსით, ADB ქმედით შედეგებს აღწევს. ჩვენ ვაფინანსებთ უფრო ხელმისაწვდომ, ეფექტიან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სისტემებს. ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო ადგილებს და ვაძლიერებთ საბაზისო სერვისებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში. პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ უკეთეს მომავალს ახალი თაობებისთვის აზიისა და წყნარ ოკეანის რეგიონში“, -განაცხადა ADB-ს პრეზიდენტმა, მასატო კანდამ.
ADB-ს ცნობით, 24.3 მილიარდი დოლარი მოიცავს მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის გაცემულ სესხებს, გრანტებს, კაპიტალში ინვესტიციებს, გარანტიებსა და ტექნიკურ დახმარებებს.
როგორც ADB-ში აცხადებენ, 2024 წელს ADB-ს ხელშეწყობით ერთი მილიონი პირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ბანკმა 4.8 მილიარდი დოლარი გამოყო კერძო სექტორის პროექტებისა და პროგრამებისთვის, რაც 2023 წელთან შედარებით 28.5 პროცენტით მეტია.
„თანამშრომლობამ მთავრობებთან, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ინვესტორებთან ხელი შეუწყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, კაპიტალის ბაზრების გაღრმავებასა და ვაჭრობის ზრდას“, – აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.
ანგარიში ასახავს ADB-ს ტრანსფორმაციას უფრო დიდ, უკეთეს და ეფექტიან განვითარების ბანკად.
„მიღწეულ წარმატებებს შორის აღსანიშნავია კაპიტალის მართვის რეფორმები, რომლებიც ADB-ს მომდევნო ათწლეულში ოპერაციების 50 პროცენტით გაზრდის საშუალებას მისცემს, ასევე ინსტიტუციის კორპორაციული სტრატეგიის ძირეული განახლება და აზიის განვითარების ფონდის რეკორდული ხუთი მილიარდი დოლარით შევსება, რომელიც ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი წევრი ქვეყნებისათვის გრანტების მთავარი წყაროა.
2024 წელს ADB-მ ასევე ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა განახორციელა პროდუქტიული და მედეგი სასურსათო სისტემების შესაქმნელად, კლიმატური მოვლენების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად და ბუნებრივი გარემოს დეგრადაციისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საწინააღმდეგოდ.
ADB-მ ხელი შეუწყო წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური მართვის გაუმჯობესებისა და ფისკალური რისკების შემცირების მიმართულებით; ასევე დაეხმარა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივი რესურსების მობილიზებისა და ბიუჯეტირების გზით“, – აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.
ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.