1696234801
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გამაგრება მიმდინარეობს - ცნობილია, როდის აღდგება მოძრაობა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გამაგრება მიმდინარეობს - მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.
მიმდინარე სამუშაო პროცესი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით, 50-მეტრიან მონაკვეთში ბზარები დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც.
უსაფრთხოების მიზნით, საპრევენციო ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდა - დეფორმირებულ პერიმეტრზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და დაიწყო გადაუდებელი, საპრევენციო, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების წარმოება.
გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.