საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისპირა ზონებში სამუშაოების წარმოება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე იქნება დასაშვები

 საავტომობილო მოძრაობა

საქართველოს მთავრობით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისპირა ზონებში სამუშაოების წარმოება მხოლოდ გზის მფლობელთან შეთანხმების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები – შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი და მარიამ ლაშხი არიან.

კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, საქართველოს მთავრობის განსაზღვრულ გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი იქნება 200 მეტრი გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოექცევა აღნიშნულ ზონაში, ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დასაშვები იქნება მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

ინიციატორების განმარტებით, დღეის მდგომარეობით, მოქმედი რედაქციის შესაბამისად განსაზღვრული 100-მეტრიანი ზონა შეესაბამებოდა იმ დროინდელ ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს, როდესაც საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე არ ფიქსირდებოდა მაღალი გეოდეზიური და ურბანული დატვირთვა.

„დღეის მდგომარეობით, ინტენსიური ურბანიზაციის, კომერციული ობიექტებისა, საწარმო შენობებისა თუ საცხოვრებელი ფართების სწრაფი ზრდის ფონზე, აღნიშნული დისტანცია, ფაქტობრივად, ვერ უზრუნველყოფს გზის უსაფრთხოების ზონის საკმარის დაცვას. 100-მეტრიანი ზოლის ფარგლებს გარეთ გზის მფლობელთან შეთანხმების ვალდებულებას კანონი არ აწესებს და ხშირია უნებართვო მშენებლობები, რეკლამების განთავსება და სხვა სახის საქმიანობა, რაც გზის მფლობელის უფლებამოსილებას არ მოიცავს. აღნიშნული განსაკუთრებით კრიტიკულია, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთებზე, სადაც მაღალი სიჩქარის რეჟიმისაა და მოძრაობის ინტენსივობის გამო, გზის მახლობლად განხორციელებული სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა, ქმნის რეალურ საფრთხეს როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, ასევე თავად ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის“, – ნათქვამია პროექტში.