02:09 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

მომიტინგეთა წყლის ჭავლით დაშლა ცესკოსთან: ყველა მხარე, ყველა პოზიცია – რას ამბობს ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი

მომიტინგეთა წყლის ჭავლით დაშლა ცესკოსთან: ყველა მხარე, ყველა პოზიცია – რას ამბობს ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი

ცესკოსთან სპეცრაზმმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ორჯერ გამოიყენა წყლის ჭავლი. მომხდარ ფაქტს ხელისუფლებიდან პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ამ წუთებშიც ცესკოს შენობასთან იმყოფებიდან. ფაქტს ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც.

 

| სამთავრობო გუნდის პოზიციები:

 

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნება”:

 

„მინდა გავაკეთო განცხადება ცესკოსთან მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს კრიმინალი ნიკანორ მელია. მოგახსენებთ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფებს ნიშანი, გასული წლის 20 ივნისს როცა შტურმი მიიტანეს პარლამენტის შენობაზე. ამ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვართ აუცილებლად იქნება ბოლომდე მოყვანილი. ჩვენ ვაცხადებდით რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო, როცა პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები და კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ შეკრების თითოეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

გიორგი ვოლსკი, “ქართული ოცნება”:

 

“საქართველოში გუბაზისეული რევოლუცია საქართველოში არ მოხდება, ახლა მიდიან უკანასკნელ შესაძლო ზომებზე, რომლებმაც შესაძლოა, არ ჩაშალოს სააკაშვილის დასახული გეგმა. ცესკოს ბლოკირების თაობაზე განცხადება ოპოზიციამ გააკეთა, განახორციელეს ანტიკონსტიტუციური მოქმედებები. პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისად. ახლა, შსს-ზე მიმდინარეობს მთავარი დაწოლა და პოლიციელები, რომლებიც დგანან თავიანთი ქვეყნის სიყვარულით, შეტევის მთავარი ობიექტები არიან. გვახსოვს ფარული ჩანაწერები, რომლიც ავთენტურობაში ეჭვი არ მეპარება. რა უნდა ექნათ მათ, როცა შეტევა რეალურია?!”

| რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები:

 

 

ხატია დეკანოიძე, “ენმ”:

დღეს აქ ვრჩებით, ხვალაც ვიკრიბებით საღამოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისეთი შეშინებულები არიან, რომ სპეცრაზმის უკან არიან ამოფარებულები. ჩვენ გავუძლებთ.

 

 

ალეკო ელისაშვილი, “მოქალაქეები”:

მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად დავიშლებით დღეს და ხვალ, რუსთაველზე 18:00-ზე ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ამათი არავის ეშინია. ჩვენი ბრძოლა ბრძელდება

 

 

 

დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველო”:

 

ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც ბოლომდე დაძაბვასა და კრიზისამდე მიჰყავს საქმე და ამ ყველაფერს ახლავს საფრთხე, რომ ხელისუფლება საქართველოს ჩაითრევს ბოლომდე იმ ტიპის დაპირისპირებაში, რასაც უყურებთ.  ჩვენი ყველა გეგმა მშვიდობიანი და სამართლებრივია. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც გამარჯვების შემდეგ, სპეცრაზმითა და წყლის ჭავლით მართავს ქვეყანას 4 წლით.

 

 

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველო”:

 

სანამ არ ვნახავთ, რომ ვითარება დასტაბილურდა და ხელისუფლება აღარ გამოიყენებს რადიკალურ ზომებს, დავრჩებით აქ, ცესკოსთან. ამ ტიპის სამარცხვინო ქმედება მხოლოდ ბრაზს ზრდის ჩვენს საზოგადოებაში.

 

 

მიხეილ სააკაშვილი:

“ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან! ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა

 

 

| რას ამბობს არასამთავრობო სექტორი:

 

 

საია:

 

“სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. პოლიცია უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი; გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ გაუმართლებელია. საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“,- ნათქვამია განხადებაში.”

 

 

“სამართლიანი არჩევნები”:

 

„მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, აქციის წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება“.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”:

 

პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად. იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

| რას ამბობს სახალხო დამცველი:

 

 

„მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!“, – აცხადებს ლომჯარია.

 

 

სტატიაში გამოყენებული ფოტო: თორნიკე მანდარია, “რადიო თავისუფლება”

ავტორი: Prime Time

X