18:05 | 2020-05-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ზღვაში ბანაობა და პლაჟზე ყოფნა უსაფრთხოა?! – რას ამბობს ქართველი ინფექციონისტი

ზღვაში ბანაობა და პლაჟზე ყოფნა უსაფრთხოა?! – რას ამბობს ქართველი ინფექციონისტი

რამდენად საშიშია პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება და რა უნდა გავითვალისწინოთ სანაპიროზე ყოფნისას – ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

 

„ვირუსი რომ განადგურდეს, ნახევარი საათის განმავლობაში 50 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა საჭირო.

 

ზაფხულის სეზონზე იმედი არის, რომ მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების გამო ზედაპირებზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ვირუსს გაანადგურებს.

 

ასევე, შენობები უფრო მეტად ნიავდება, რაც ინფიცირებული წვეთების ჰაერში კონცენტრირების რისკებსაც ამცირებს.

 

ამიტომ, ზაფხულის სეზონზე გარკვეულ იმედებს ვამყარებთ. თუმცა ის, რომ 25 გრადუსზე მეტი ტემპერატურა კორონავირუსს ანადგურებს, ამის ილუზია არ გვაქვს“, – განმარტავს ბუწაშვილი.

 

ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ წყლით კორონავიორუსის გადადების შანსი არ არის, თუმცა საუბრობს იმაზე, რა შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების მიზეზი.

 

„რაც შეეხება ზღვას, წყალი რისკის შემცველი არ არის. ეს წყლით გადამდები ინფექცია არაა.

 

ზღვის სანაპირო შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი და ამ მხრივ, რისკის მატარებელია, რადგან სულ ერთია, სად შეიკრიბებიან ეს ადამიანები, ვირუსის გადაცემის რისკი ყველგან იქნება.

 

იდეალურ პირობებში რომ წარმოვიდგინოთ, ზღვის სანაპიროზე ადამიანის გასვლა, ისე რომ მნიშვნელოვანი დისტანცია დაიცვას სხვებისგან, რა თქმა უნდა, არ იქნება საფრთხის შემცველი.

 

როგორც ვთქვით, პლაჟებზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების გამო უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვირუსი განადგურდება.

 

დისტანციის დარღვევის შემთხვევაში, ალბათ სახელმწიფო იძულებული გახდება, რომ სხვა რეკრეაციული ზონების მსგავსად, პლაჟებიც ჩაკეტოს.

 

გვახსოვს, რომ ტბების ირგვლივ უამრავი ადამიანი ჯგუფებად იყრიდა თავს, ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

 

გვინდა, რომ კარანტინი მაქსიმალურად შერბილდეს“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ინფექციონისტმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X