17:52 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

ზაზა ხალვაში გარდაიცვალა – რას ამბობდა რეჟისორი “პრაიმტაიმთან” ბოლო ინტერვიუში

ზაზა ხალვაში გარდაიცვალა – რას ამბობდა რეჟისორი “პრაიმტაიმთან” ბოლო ინტერვიუში

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა. ზაზა პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ვაჟი გახლდათ. გადაღებული აქვს ფილმები: „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, „მიზერერე“, „მგლების ხორუმი“… ზაზას ბოლო ფილმის „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოში შედგა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ  „ოსკარის“ უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი 6 ფილმიდან  ზაზა ხალვაშის „ნამე შეარჩია. თუმცა ხალვაშის დრამა ოსკარის მოკლე სიაში ვერ მოხვდა.

 

რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ რეჟისორმა სცენარი ფილმად აქცია და გადაღებები დაასრულა.  „სცენარი 2010 წელს დავწერე, მას შემდეგ ვიყავი ძიებაში, რომ დაფინანსება მომეპოვებინა, და ეს ჩემი ჩანაფიქრი ეკრანზე გადამეტანა. 2016 წელს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება მივიღე და  მუშაობას შევუდექი“ – იხსენებდა რეჟისორი.

 

საქართველო-ლიტვის ერთობლივმა ნამუშევარმა მაინც მიიქცია ყურადღება. ფილმის ოპერატორმა – გიორგი შველიძემ ამ ფილმისთვის 2019 წლის თებერვალში ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი პრიზი მიიღო. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

 

62 წლის რეჟისორმა პრაიმტაიმს ორ ივლისს მისცა ინტერვიუ.

 

ზაზა ხალვაში: – წილად გვხვდა ბედნიერება, რომ საქართველოს სახელით ვყოფილიყავით წარდგენილი „ოსკარზე“. სწორედ იქ მისმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ნიჭიერ ოპერატორთან მომიხდა მუშაობა. ის, რომ გიორგი ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს, მის პროფესიონალიზმსა და შემოქმედების ხარისხზე მიუთითებს. ის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან საინტერესო ოპერატორი.

 

როგორც ჩანს, ამერიკულ კინოაკადემიაში საოპერატორო ნამუშევრის კუთხით უკეთ დაგვინახეს. ყალბი თავმდაბლობისგან რომ დავიზღვიოთ თავი, ეს ფილმის დიდი წარმატებაა.

 

 

– გიორგიმ „ნამეთი“ მიიქცია ყურადღება, ანუ ამ გამარჯვებაში თქვენც მიგიძღვით წვლილი.

 

– მართალია, „ნამეთი“ მიიქცია ყურადღება, თუმცა ბევრ კარგ რეჟისორთან ერთად არაერთი შესანიშნავი ნამუშევარი აქვს. მისი ბიოგრაფია მრავალფეროვანია და ბევრი ფილმისგან შედგება. თუმცა, კი ბატონო, ბიძგი „ნამემ“ მისცა და ამ ფილმმა მოუტანა წარმატება. ამიერიდან ამერიკულ კინოაკადემიაში გიორგის სხვა ოპერატორებთან ერთად საკონკურსო ფილმების ნახვა-შეფასება ევალება. „ოსკარის“ ფერხულში ჩაბმა და იქ მოხვედრა, დიდი პატივია. და როგორც ავტორისთვის, დიდი გამოცდილებაა. ამერიკულ კინოაკადემიაში პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ქართულ კინოს თავისი ხელწერა, სურნელი და ფილოსოფია აქვს. ის სხვა კულტურული ქვეყნების კინემატოგრაფისაგან თავისებური ხიბლით გამოირჩევა. მე იქ ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც არ იცნობდა ქართულ კინოს.

 

– ბატონო ზაზა, თავიდან რატომ შეაჩერეთ არჩევანი გიორგი შველიძეზე, როგორც დამდგმელ ოპერატორზე?

 

– ძალიან საინტერესო ადამიანია. ვისაც მასთან უმუშავია, ამბობდა, რომ ნიჭიერი კაცია, თავისი ხედვით, კარგად გრძნობს – რა უნდა რეჟისორს. პლუს თან პირადმა ურთიერთობამ განაპირობა მასთან თანამშრომლობის სურვილი. ავდექი და შევთავაზე ჩემი ფილმის გადაღება. საინტერესო იყო მასთან ერთად მუშაობა. ბევრი რამ მისგან ვისწავლე.

 

– მინდა კონკრეტული მომენტები გაიხსენოთ…

 

– მინდოდა ლამაზი კინო გადამეღო, ყველა კადრი სათქმელი ყოფილიყო იეროგლიფურ დონეზე. თითო კადრი თითო იეროგლიფია. ყველაფერი ბუნევრივად გამოვიდა. არსად კომპიუტერული გრაფიკა არ გამოგვიყენებია. წყალზე გავლის კადრებს რომ ვიღებდით, გიორგის და პროდიუსერის იდეა იყო, რომ წყლის ქვეშ აგვეშენებინა რაღაც. მართლაც ბილიკი გავაკეთეთ. ნისლიან ხეობებში გვქონდა გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური პერსონალი გვყავდა ხელოვნური ნისლის გამოსაშვებად, გიორგი მაინც მთელი დღე ელოდებოდა ბუნებრივ ნისლს… და წამოვიდა კიდეც ნისლი! თითქოს შეკვეთით. შთამბეჭდავი კადრები გამოვიდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X