fbpx
10:11 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

უჰანი პანდემიის დასაწყისში და დღეს – როგორ დაამარცხა ვირუსი covid-19-ის „სამშობლომ“

უჰანი პანდემიის დასაწყისში და დღეს – როგორ დაამარცხა ვირუსი covid-19-ის „სამშობლომ“

2019 წლის დეკემბერში ჩინეთიდან დაუდგენელი პათოგენით გამოწვეული პნევმონიის მასობრივად გავრცელებამ მსოფლიო შეძრა.

 

ახალი კორონასვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა.  9 მილიონიან ქალაქში მალე კარანტინი გამოცხადდა და მოქალაქეებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ.

 

კორონავირუსმა ვუჰანიდან გამოღწევა შეძლო, ჩინეთის საზღვრებსაც გასცდა და მსოფლიო სრულად შეცვალა.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა, რასაც მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვების დაწესება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.

 

დღეს 2020 წლის ნოემბერია, პანდემია ისევ მძვინვარებს, თუმცა მსოფლიოს კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერ არც სამკურნალო მედიკამენტი შეუქმნია და, როგორც ამბობენ, გაზაფხულამდე ვერც ვაქცინის შექმნა და გამოცდა დასრულდება.

 

მაგრამ რა ხდება ამ დროს ჩინეთში, კორონავირუსის „სამშობლოში“?

 

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი უჰანი ჩაკეტა, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა • ტაბულა

 

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა კორონავირუსი დაამარცხა. მას ყოველდღიურად covid-19-ის მხოლოდ 10-ეულობით შემთხვევა აქვს, როდესაც მრავალ ქვეყანაში 100-ეულობით პაციენტი კორონავირუსით იღუპება.

 

ვირუსი პრაქტიკულად აღარ არსებობს ჩინეთის ქალაქ ვუჰანშიც, სადაც კორონავირუსი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

როგორ დაამარცხა covid-19-ის „სამშობლომ“ პანდემია და რა ვითარებაა დღეს ვუჰანში?  ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ვუჰანში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა და დეტალები გაარკვია.

 

ქართველი გოგონა, ნინი დავლიანიძე მაშინ, როცა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთში, კერძოდ უჰანში იმყოფებოდა და იქ განვითარებული მოვლენები საკუთარი თვალით იხილა.

 

ნინი იხსენებს, როგორ განვითარდა მოვლენები უჰანში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ.

 

„31 დეკემბერს გაგვაფრთხილეს, რომ ვირუსის ახალი ტალღა იყო მოდებული და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას პირბადეები გამოგვეყენებინა,მაგრამ განსაკუთრებული რამე შეზღუდვა არ ყოფილა. 23 ნოემბერს ლოქდაუნი გამოაცხადეს და გვთხოვეს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სახლებიდან გარეთ არ გავსულიყავით, დაკეტეს ყველა ობეიქტი გარდა სუპერმარკეტებისა, აფთიაქებისა და საავადმყოფოებისა.

 

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა, კერძო მანქანებს დღის კონკრეტულ მონაკვეთში შეეძლოთ გადაადგილება მხოლოდ. სკოლები, თეატრები ყველაფერი დაკეტილი იყო.

 

მხოლოდ მარკეტები იყო ღია, ორ კვირაში ერთხელ გავდიოდი და ვიმარაგებდი საჭირო პროდუქტს.

 

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც შეღავათები და ფულადი დახმარებებიც იყო განსაზღვრული.

 

მარკეტებში ზოგჯერ იყო კონკრეტული დახლები ცარიელი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტი იყო, ალტერნატივა ყოველთვის იყო“, – გვიყვება ნინი უჰანში განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

 

ნინის ჩვენ უჰანელ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე და მითებზეც ვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ უჰანში ვირუსის არსებობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. საზოგადოება შეშინებული და გაურკვეველ მდგომარეობაში იყო. ევროპელებივით ტუალეტის ქაღალდს და ქართველებივით მაკარონს არა, მაგრამ უჰანელები ბრინჯს იმარაგებდნენ.

 

„ემოციურად ძალიან რთული იყო, რადგან არავის არაფერზე არ ქონდა პასუხი, რასთან გვიწევდა პირისპირ დარჩენა არავინ ვიცოდით

 

ჩვენს გარშემო არავის შეპარვია ეჭვი ვირუსის არსებობაში, არანაირი საუბარი არ ყოფილა მაგასთან დაკავშირებით.

 

პანდემიის დროს მოქალაქეები მგონი ბრინჯს იმარაგებდნენ, მაგრამ მე არ ვჭამ ბრინჯს, ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა ნინიმ.

 

 

ნინი უკვე 6 თვეა უჰანში აღარ ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა. ქალაქმა, სადაც covid-19 “დაიბადა” ვირუსი დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უჰანი პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდა და ერთადერთი შეზღუდვა იქ ისაა, რომ მოქალაქეებს პირბადეების ტარება უწევთ.

 

დღეს არსებული ვითარების გამოსაკვლევად ჩვენ უჰანში მცხოვრებ კიდევ ერთ ქართველს დავუკავშირდით.

 

მარი შენგელია დღესაც ვუჰანში ცხოვრობს და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ “პრაიმტაიმს” უყვება.

 

“არაფერი განსაკუთრებული, ისევ პიბადით დავდივართ, აკრძალულია ხალხმრავალ ადგილას მოძრაობა პირბადის გარეშე.

 

რაც შეეხება ვირუსს, იყო ჭორები რომ ისევ მეორე ტალღა დაიწყებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება.

 

არანაირი სხვა შეზღუდვა, ყველაფერი მუშაობს. აუცილებელია “green code”ს ქონა საკუთარ ტელეფონში, ისე არსად შეგიშვებენ

 

Green code ანუ ჯანმრთელი თუ ხარ მაგ შემთხვევაში გაქვს, თუ არადა წითელი”, – აცხადებს მარი შენგელია.

 

 

ჩვენ დავინტერესდით როგორ შეძლო ქალაქმა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსთან ისე გამკლავება, რომ, ფაქტობრივად, იქ უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებაა.

 

მარი გვიყვება, რომ უჰანის “წარმატების საიდუმლო” მასობრივი ტესტირება და საზღვრის მკაცრი კონტროლია.

 

უჰანი 9 მილიონიანი ქალაქია, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ტესტირება შეძლო. დღეს კი იქ, ფაქტობრივად, კორონავირუსი აღარ არსებობს.

 

მასობრივი ტესტირების დასრულებამდე მოსახლეობას სახლების დატოვება ეკრძალებოდა და მათ საკვებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით უბანზე მიმაგრებული სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი პირები ამარაგებდნენ.

 

 

“მე თვითონ სამი თვე არ გავსულვარ სახლიდან, არც ჩემი ოჯახის წევრი, საჭმელს უბნის მომუშავე (სპეციალურად შეფუთული) ხალხი გვაწვდიდა სახლამდე, სანამ გაიხსნებოდა უჰანი სახლებში გვამოწმებდნენ, გვიზომავდნენ სიცხეს, აგვიღეს ტესტები, აბსოლუტურად ყველა ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება, სანამ პასუხები არ იყო მზად არ გვქონდა სახლიდან გასვლის უფლება, აი ასე დაამარცხეს ვირუსი, ვისაც აღმოაჩნდა თვითონ მკურნალობდნენ, სავამყოფოში გადაჰყავდათ… მოკლედ ყველაფერი გააკეთეს რაც საჭირო იყო…

 

საზღვარგარეთიდან ჩამოსულებისთვის დიდი შზღუდვებია, კერძოდ აქ მყოფი უცხოელებისთვის – არანაირი”, – განაცხადა მარიმ “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

 

 

უჰანმა მიაღწია იმას, რომ დღეს უკვე პანდემიით დაზარალებულთათვის გამოყოფილი სოციალური დახმარებებიც გაუქმდა, ეკონომიკა აღდგა და მოქალაქეებიც სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

 

“ჩინელებისთის (ჰუბეელებისთვის) იყო დახმარება, როცა 3 თვით ჩაკეტილები იყვნენ სახლებში, ეხლა ამ ეტაპზე ყველა მუშაობს. ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი დახმარება აღარაა”, – ამბობს მარი.

 

 

როგორც აღმოჩნდა უჰანელები გართობის მოყვარულები არიან და ყოველდღიურად კულტურული და გასართობი ღონისძიებები იმართება.

 

უჰანში წინასაახალწლო განწყობაა და ქალაქში უკვე სპეციალური განათებებიც დამონტაჟდა.

 

“აქ ყოველდღე ღონისძიებები აქვთ, დღესასწაულები, ხალხი მოძრობს ერთობა, კლუბები, ბარები ყელაფერი მუშაობს”, – აცხადებს მარი შენგელია.

 

 

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X