12:02 | 2020-07-27 ავტორი: Prime Time

ვწუხვარ, რომ ამას ვუყურე… პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ! – გამოხმაურება “ჩცდ”-ს სკანდალურ ეპიზოდზე

ვწუხვარ, რომ ამას ვუყურე… პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ! – გამოხმაურება “ჩცდ”-ს სკანდალურ ეპიზოდზე

26 ივლისს, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სეზონი დასრულდა. ფინალმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.

 

ნინას – 5 შვილის დედა, რომელსაც სიმსივნე აქვს, წყვეტს უცხო ქვეყანაში გადაბარგებას, სადაც თითქოსდა რაღაც ლერწმით მკურნალობენ კიბოს, და ემშვიდობება ქმარსა და შვილებს, ამბობს, რომ დაიღალა მათგან და რომ სურს, იქ დაელოდოს ან სიკვდილს, ან გამოჯანმრთელებას, ოღონდ, მათგან შორს.

 

მაყურებელი ქალების დიდმა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ნინა.

 

როგორც აღმოჩნდა, სცენამ უფრო დიდი გავლენა იქონია საქართველოში მცხოვრებ ონკოპაციენტებზე. ამ ეპიზოდს გამოეხმაურა ერთ-ერთი მათგანი, სოფო ფირანიშვილი, რომელმაც დიდი ბრძოლის შედეგად დაამარცხა სიმსივნე და ახლა სხვებს ეხმარება ამ ბრძოლაში:

 

გთავაზობთ სოფო ფირანიშვილის პოსტს უცვლელად:

 

„ჯერ კიდევ ისრაელში ვიყავი და ქიმიებს ვისხამდი, ნინას პერსონაჟს ჩვენდა გასახარად თმები გადაპარსეს, ერთი ამბავი ატყდა, გმირობად შერაცხრეს.

 

მას მერე კიდევ ერთი სატელევიზიო თმის გადაპარსვა შედგა, მაშინაც და დღესაც იგივე აზრზე ვარ, თუ ვინმეს ჩვენი გვერდში დგომა უნდა, ჯანსაღი გარემო გაგვიყავით რა.

 

საკუთარი თმა მეყო სადარდებლად, კიდევ თქვენიც რომ არ დამიმატოთ (თუმცა ვინც ონკოპაციენტი არ ხართ, ვერც ამ ხუმრობას და ვერც ამ ტკივილს ვერ ჩაწვდებით და არც ეცადოთ).

 

და რაც შეეხება გუშინდელ “სიკვდილის რეპეტიციებს”, ოჯახის დატოვებასა და ნახარშების სმას, ვწუხვარ, რომ ეს მოვისმინე.

 

ვწუხვარ, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ადამიანებს მოუწოდებს, და თქვენც, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ახლა, რომ კიბო არ არის განაჩენი, თქვენ შეძელით და ძალიან ბევრ ადამიანს გამოუტანეთ განაჩენი (და ეს მაშინ, როცა ბალახების ნახარშების სმით იღუპება ნახევარი საქართველო!!!).

 

ვწუხვარ, რომ ამას ვუყურე, ვწუხვარ, რომ „პასუხისმგებლობა“ არანაირ კონტექსტში არ გაგაჩნიათ.

 

ციკლიდან: კიბო არ ნიშნავს სიკვდილის რეპეტიციებს და ეს ზუსტად გახსოვდეთ, ადამიანებო!

 

– მე უკვე დავამთავრე ეს ამბები, მიმდინარეებზე ვდარდობ“, – წერს სოფო.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X