fbpx
11:34 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელიც ქართველი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობას ადასტურებს

ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელიც ქართველი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობას ადასტურებს

რუსული მედიის ინფორმაციით, გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ კახაბერ ფარფალია რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, ფარფალიას გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, მეორე ვერსიით კი მან თავი ჩამოიხრჩო… თუმცა ვრცელდება ვიდეო, რომელიც ორივე ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს, მათ შორის ფეხების, ტანისა და თავის არეში.

 

ნახეთ ვიდეო → სკანდალური კადრები

 

ფარფალიას ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ „კანონიერი ქურდი“ საკანში მოკლეს.

 

მათი თქმით, ომსკის ციხეში გადმოყვანის მეორე დღესვე ფარფალია სასტიკად სცემეს და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

 

ზოგადად, სასჯელაღსრულების ეს დაწესებულება ე.წ. წითელ ზონად მიიჩნევა და იქ „კანონიერი ქურდის“ მოხვედრა, პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

 

ორი კლანის სისხლიანი დაპირისპირების ქრონიკა - ყველაფერი „მწვანილის მეფის“ მკვლელობით დაიწყო
2020-08-21ორი კლანის სისხლიანი დაპირისპირების ქრონიკა - ყველაფერი „მწვანილის მეფის“ მკვლელობით დაიწყო

 

ვინ დაუკვეთა ფარფალიას მკვლელობა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ანტალიაში, ასევე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის (ლოტუ გული) მკვლელობის გაგრძელება იყოს.

 

ცნობილია, რომ კახა ფარფალია ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წევრი გახლდათ. ამავე კლანის ერთ-ერთი ლიდერი იყო აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ როვშან ჯანიევი, რომელიც 2016 წელს სტამბულში ჩაცხრილეს. მკვლელობის დამკვეთად ნადირ სალიფოვი მიიჩნეოდა, რომელზეც შურისძიება 4 წლის შემდეგ, სავარაუდოდ ჯანიევის გარემოცვამ ჯანგველაძე-ონიანის კლანის მხარდაჭერით შეძლო.

 

აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ კახა ფარფალიას ბუნდოვანი გარდაცვალება, ამჯერად სალიფოვის გარემოცვის ვენდეტას უკავშირდებოდეს.

 

კახა ფარფალია, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კახა გალსკის“ სახელით იცნობენ, რუსეთში 2018 წელს დააპატიმრეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მიზნით ქურდულმა სამყარომ 1 მილიონი დოლარი გამოყო. როგორც ჩანს ციხეში მას რეალური საფრთხე ემუქრებოდა.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს თანხა ფარფალიასთვის აღკვეთი ღონისძიების შესასცვლელად ქურდული საერთოდან გამოიყო.

 

ეს მოიცავდა ფაქტობრივ ქრთამს და ასევე გირაოს თანხას. ქურდული სამყარო იმედოვნებდა, რომ ამ გზით კახა ფარფალია ახალ წელს ოჯახთან ერთად თავის რუბლოვცკის სასახლეში შეხვდებოდა, – წერს რუსული გამოცემა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს. მათ შორის იცავენ მოსამართლეს, ფულის სავარაუდო ცდუნებისგან.

 

ცნობილია, რომ 45 წლის ფარფალია, აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ ობშიაკს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა. ის „კანონიერ ქურდად“ 1999 წელს მონათლეს.

 

მისი და, ზოგადად, ჯანგველაძე-ონიანის კლანის გავლენები რუსეთში განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც შაქრო კალაშოვს მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

 

კახა ფარფალია სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. 2014 წელს ოდესაში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი იმყოფებოდა. მასთან ერთად მანქანაში ორი ქალიც იჯდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X