fbpx
09:51 | 2020-10-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვისთვის არ არის პირბადის გამოყენება აუცილებელი – გამონაკლისი შემთხვევები

ვისთვის არ არის პირბადის გამოყენება აუცილებელი – გამონაკლისი შემთხვევები

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული რეგულაციებიდან, ერთ-ერთი პირბადის დახურულ და უკვე ღის სივრცეებში ტარებაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა. სავაჭრო ობიექტის დაცვის წარმომადგენელი მას შენობიდან გასვლას სთხოვდა, რა დროსაც, ფორმა N100 აჩვენა და განუმარტა, რომ მას გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და პირბადის ტარება მისთვის რეკომენდირებული არ იყო შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

ამის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა შემთხვევებშია გამონაკლისი დაშვებული, ვინ შეიძლება არ გამოიყენოს სამედიცინო ნიღაბი და რა მიზეზით?

 

ამ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ. როგორც გაირკვა, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება №368 ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როცა პირბადის გამოყენება არ მოეთხოვებათ: თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას. ასევე, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს, მატარებლის მემანქანეს და პირს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

 

„გამონაკლისი შემთხვევები – პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

 

ა) თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;

 

ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება  შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);

 

გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს;

 

დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;

 

ე) მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;

 

ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია;

 

საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.

 

საყურადღებოა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).“ – განმარტავენ უწყებაში.

 

სხვა ყველა შემთხვევაში თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას რეგულაციები – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ჰიგიენა. პირბადის გამოყენების სიკეთეებზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი საუბრობს:

 

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე Covid-19-გან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე – ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე – კი“ – ამბობს რობერტ რედფილდი.

 

ორი პანდემია: ზუსტად ერთნაირი აკრძალვები და მოწოდებები - ესპანური გრიპი და Covid-19
2020-10-25ორი პანდემია: ზუსტად ერთნაირი აკრძალვები და მოწოდებები - ესპანური გრიპი და Covid-19

 

„პრაიმტაიმი“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს გამონაკლისებზე სასაუბროდ დაუკავშირდა, რომელიც იმ ადამიანებს, ვინც პირბადის გამოყენებაზე უარს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამბობს, ურჩევს, რომ სახლში დარჩნენ.

 

„თუ ისეთ დაავადებებზე ვსაუბრობთ, რომელიც სუნთქვის გაძნელებას უკავშირდება და პირბადის გამოყენება დამატებით პრობელემბს უქმნის, ჯობია მსგავსი დაავადებების მქონე პირები სახლში დარჩნენ და სხვებთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ.

 

ფორმა N100 არც მას და არც სხვას არ იცავს ვირუსით ინფიცირებისგან, ამიტომ მათთვისვე უმჯობესია თავი შეიკავონ გარე კონტაქტისგან.“ – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

 

ამ დადგენილების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

 

ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-​11 მუხლის შესაბამისად, რაც პირბადის ტარების დარღვევისთვის ფულად ჯარიმას ითვალისწინებს: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 50 ლარით.

 

მთავრობაში საუბრობენ ამ წესის გამკაცრებაზეც, რაც კანონპროექტის მიხედვით, ფულადი ჯარიმის გაზრდას გულისხმობს.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X