
„ვინც დაწერს, ბედობას გილოცავთო, იმ წუთში წავშლი მეგობრებიდან”, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს და ბედისწერის შესახებ საზოგადოებაში არსებულ ცრურწმენას უპირისპირდება.
მისივე თქმით, ქრისტიანობა არ სცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა: ადამიანისთვის წინასწარ განსაზღვრული ბედი, ბედისწერა ან რაიმეს დაბედება.
„ჩვენს სარწმუნოებაში ანუ მართლმადიდებელ ქრისტიანობაში შეხვდებით ისეთ ცნებებს, როგორიცაა: ადამიანის ხვედრი, ადამიანის არჩევანი, თავისუფალი ნება და გადაწყვეტილება, შედეგი და სასჯელი ცოდვისთვის, საზღაური სიკეთისთვის, საღმრთო განგებულება, ღმრთის ნება და ა.შ. მაგრამ ჩვენი სარწმუნოება არ სცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა: ადამიანისთვის წინასწარ განსაზღვრული ბედი, ბედისწერა ან რაიმეს დაბედება. თქვენ ვერსად იპოვნით ამ უკანასკნელებს ბიბლიაში. საღმრთო მოძღვრება უბრალოდ არ სცნობს მათ”, – წერს დეკანოზი.