fbpx
22:50 | 2020-11-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ როგორ იბრძვის გადარჩენისთვის – რეპორტაჟი დედაქალაქის ქუჩებიდან

ვინ როგორ იბრძვის გადარჩენისთვის – რეპორტაჟი დედაქალაქის ქუჩებიდან

სათაური და სტატიაზე თანდართული ფოტო შეცდომაში ნუ შეგიყვანთ: წინამდებარე პუბიკლაციით არ ვაპირებთ, ისედაც მძიმე ფონის დამძიმებას.

 

ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის არ იყოს, სოდის მიღების სხვადასხვა ხერხივით, თავის გადარჩენის უამრავი მეთოდი არსებობს. „თავის გადარჩენაში“ უშუალოდ ფულის შოვნასა და თავის გატანას ვგულისხმობთ.

 

ადამიანს ცხოვრება აიძულებს, მოძებნოს ის გზა, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია.

 

ზოგს უმართლებს და შემოსავლიანი ბიზნესი აქვს აწყობილი, ზოგს უფრო მეტად უმართლებს და პოლიტიკოსი ხდება, უამრავმა ჩვენმა თანამემამულემ უცხოეთში მოძებნა თავის გადარჩენისთვის გზა და ემიგრანტის მძიმე გზას დაადგა, ზოგიერთმა ხელი გაიწოდა მოწყალებისთვის.

 

Нет описания.

 

ქალაქში ბევრგან წააწყდებით ადამიანებს, რომლებიც ეკლესიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან, ან და სულაც ხალხმრავალ ადგილზე სხედან და კეთლი ადამიანებისგან ცოტაოდენ დახმარებას ელიან.

 

დოლიძის ქუჩაზე, ეკლესიის შესასვლელის ერთ მხარეს გაბურძგნილთმიანი მამაკაცი ზის. სახეზე ეტყობა, რომ დღის განმავლობაში ნაშოვნი „ორი კაპიკიდან“ ნახევარს ალკოჰოლში ხარჯავს. მეორე მხარეს კი შუა ხნის ქალი ზის. ასე ეტყობა, თორემ კარგად რომ გამოაწყო და სალონსაც ასტუმრო, შესაძლოა, ძალზე ახალგაზრდაც კი აღმოჩნდეს. მათ საუბარს შევესწარი, რაც წინამდებარე სტატიის დაწერის ინსპირაცია გახდა.

 

როგორც ჩანს, მამაკაცი შაურმით გაუმასპინძლდა. მე კი ისეთ დროს გავიარე მათ წინ, როცა ქალი გულიანად ილუკმებოდა და ტუჩებსაც მადიანად ილოკავდა. – მადლობა, იცი, რამდენი ხანია ხორცი არ მიჭამიაო? – ეუბნებოდა. – მე ყოველდღე ვჭამო, კაცმა, თავმომწონედ უთხრა.

 

ბოლო სიტყვები უკვე ზურგს უკან გავიგონე, მივბრუნდი და ორივეს ხუთლარიანები ჩავუდე წინ დადგმულ ჯამებში. იმისტომ, რომ ქალს იმ საღამოს კიდევ ეჭამა ხორციანი კერძი, ხოლო მამაკაცს, თავისთის რომ არაყს იყიდის, კიდევ დარჩეს იმდენი ფული, რომ ქალს ხვალაც გაუმასპინძლდეს მსუყე სადილით. ამ ორი ადამიანის ფოტოს არ ვაქვეყნებთ, არ მივიჩნევთ სწორად, მათი სახეების სახალხოდ გამოჩენას.

 

მეტროს ჩასასვლელში მჯდომ ბაბუს, რომელიც აკორდეონზე უკრავს და ისე აგროვებს „კაპიკებს“, ვკითხე – გყოფნით, მოგროვებული თანხა-მეთქი? – მადას გააჩნიაო, მიპასუხა. სხვა კითხვებზე არ მიპასუხა, დუმდა, მიღიმოდა და უკრავდა გაუთავებლად.

 

Нет описания.

 

– არც ერთი საქმე არაა დასაძრახისიო, – ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომელიც მაღაზიის ვიტრინებს წმენდდა… ხელფასი მაქვს და ზუსტად ვიცი, ის ხელფასი თვიდან თვემდე როგორ ვიმყოფინოო.

 

Нет описания.

 

ახალგაზრდა ქალი ხილსა და ბოსტნეულს ყიდდა ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში.

 

– დედა ემიგრანტი მყავს, 12 წელია, საბერძნეთშია, მე გულზე ხელებს ხომ ვერ დავიკრეფ? მისი ხელის შემყურე ვერ ვიქნები, ვმუშაობ და თავს ვირჩენ. მე უფრო ახალგაზრდა ვარ და ალბათ მე უფრო შევძლებდი უცხოეთში მუშაობას, მაგრამ დედამ მითხრა, შენ შვილი გყავს გასაზრდელი, შვილს კი დედა სჭირდება და ჯობია, მე წავიდე, რასაც ვიმუშავებ, ვიმყოფინოთ, ოღონდ შენ შვილს ნუ მოშორდებიო. მისი გამოგზავნილი ფულით დავიწყე პატარა ბიზნესი, ჯერ ლობიო ვიყიდე რაიონში იაფად, დავაფასოვე თითო კილოდ, რომ აწონვა აღარ დასჭირვებოდა და იმის გაყიდვა დავიწყე ქუჩაში, მერე ლობიოს მწნილი მივამატე, ისიც ცელოფნის პარკებში დაფასოებული, მერე ვაშლი, ყველი, კიტრი, პომიდორი და რომ მივხვდი, იმდენი შემოსავალი გამოჩნდა, რომ ადგილის ქირაობას შევძლებდი, სადაც ვვაჭრობდი, იქვე ახლოს ნახევრადსარდაფი ვიქირავე, კიბესთან დახლები მოვაწყე და პატარა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გამომივიდა.

 

ახლა თუ რამ მნიშვნელოვანი თანხა გვჭირდება, მაშინ მიგზავნის დედა. მაგალითად, ამას წინათ კარგი მაცივარი ვიყიდეთ დედას ფულით, უკეთეს ბინას ვქირაობ და ადამიანურ პირობებში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი. ახლა უფრო კეთილმოწყობილი ფართის ქირაობა მინდა და ცოტა გავფართოვდები. კი ვწვალობ, მაგრამ ჩემი შრომის შდეგს ვხედავ და ეს უფრო მმატებს ძალას. ჯერ 33 წლის ვარ, ცხოვრება წინ მაქვს და ცოტა ხანში შესაძლოა, მაღაზიების ქსელიც კი გავაკეთო. ვხუმრობ, მაგრამ ოცნება ხომ შემიძლია?

დავემშვიდობე პოზიტიურ გოგონას და ჩავუყევი ქუჩას. ზოგი ოთახის ყვავილებით ვაჭრობს, ზოგი წიგნებით და ზოგი ათასი წვრილმანით.

 

Нет описания.

 

შევაჩერე მამაკაცი, რომელიც ურიკას მიაგორებდა. – ამ ურიკაზე რაც ეტევა, იმდენ ხილსა და ბოსტნეულს ვყიდულობ დილაობით და მერე ქუჩა-ქუჩა ვყიდი, მოძრავი მაღაზია ვარ, ფაქტობრივად, რასაც გამოვიმუშავებ, საკმარისი არ არის, მაგრამ შიმშილს ნამდვილად ჯობია, რაც მომრჩერბა, შინაც მიმაქვს ბოსტნეული და ვართ ასე, მე და ჩემი დედაკაციო.

 

„მისი დედაკაცი“ თურმე წინდებსა და მატყლის ჟილეტებს ქსოვს და ქმარს ისიც დააქვს გასაყიდად და ცხოვრობენ მოხუცები ერთმანეთის დახმარებითა და მხარში დგომით.

 

მეტი არაფერი მიკითხავს და არც თვითონ გამოუმჟღავნებია საუბრის გაგრძელების სურვილი. წაჰკრა ხელი თავის ურიკას, რომელზეც უკვე დაცლილი ყუთები ელაგა და გზას გაუყვა.

 

Нет описания.

 

უამრავი ადამიანი ტაქსით ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ზოგიერთი მარკეტში, მოლარედ თუ კონსულტანტად მუშაობს, საკმაოდ მწირ ხელფასზე.

 

ამასობაში კი თაღლითები კომპიუტრეთან არიამ მიმსხდარი და ათას სქემას აგებენ, ხალხის გაყვლეფისთვის. ახალი ამბავი ალბათ არ იქნება თქვენთვის, როგორ იპარავენ უცხო ადამიანების პირად მონაცემებს და მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხებს ითვისებენ, ონლაინკაზინოების ანგარიშებზე გადარიცხვის გზით. ათასობით ლარი გაუქრათ ადამიანებს და უკან ვერ დაიბრუნეს. სწორედ ამ თაღლითებისგან დასაცავად, სულ ახლახან ბანკებმა ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია გაითვალისწინეს და არც ერთი ტრანზაქცია აღარ განხორციელდება, დამადასტურებელი კოდის გარეშე.

 

თაღლითობაზე ვსაუბრობთ და ბარემ აქვე ვიტყვი: ფულის შივნის ახალი მეთოდი შეიმუშავა ზოგიერთმა ადამიანმა: სოციალურ ქსელში ქმნიან გვერდს, სადაც დებენ ბავშვების ფოტოებს და შმდეგ, „ხალხმრავალი“ პოსტების ქვეშ კომენტარად დაურთავენ „ჟანგიანი“ სამკაულის ფიტის, რომლის ღირებულებაც ნულია და დააწერენ: ვყიდი 5 ლარად, რადგან პურისა და წამლის ფული არ მაქვსო. აუჩიყებენ გულს კეთილ ადამიანებს და რადგან იმ სამკაულს არც არავინ იყიდის, პირდაპირ ანგარიშის ნომერს სთხოვენ და თანხას ურიცხავენ. ამ დროს, როგორც ერთგან გამოააშკარავეს, ამ პროფილის უკან კარგა ჯანიანი მამაკაცი იდგა, რომელსაც მოგროვებული ფული კაზინოში სათამაშოდ სჭირდებოდა.

 

ასეთი თაღლითური სქემების გამო მართლა გაჭირვებულ ადამიანსაც აღარავინ უჯერებს და დახმარების გარეშე რჩებიან.

 

საღმოს ფულის მშოვნელთა ახალი „ნაკრები“ გამოდის ასპარეზზე და განსაკუთრებულ ადგილებზე მეძავები ჩნდებიან, რომ მათაც „ორი კაპიკი“ იშოვონ და ოჯახი გამოკვებონ.

 

ვისაც როგორ შეუძლია, ისე იბრძვის გადასარჩენად. ზოგს ძალიან უმართლებს და ზოგს – ნაკლებად.

 

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X