fbpx
10:00 | 2021-02-23 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ვინ როგორ აფასებს ნიკა მელიას დაკავებას

ვინ როგორ აფასებს ნიკა მელიას დაკავებას

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიისა და საერთაშორისო დიპლომატიის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

 

ეს არის დიქტატურის დამყარება რაც ხდება, ძალიან მაინტერესებს ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი 23 თებერვალს არ გაეკეთებინათ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მისულმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

„საღამოს მივლენ და იუნკერების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ძალიან დიდი სირცხვილია და დასანანია, რომ ქართველების 30 წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი შემაშფოთებელს უწოდებს.

 

„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“.

 

ამ დილით ენმ-ის სათავო ოფისიდან ნანახი კადრებით შოკირებული ვარ,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს.

 

ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.

 

გიგი უგულავას თქმით, ბრძოლა პატიმრობით არ სრულდება და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და უკომპრომისო ბრძოლას აპირებს.

 

„სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყებ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

 

ტელევიზიებში მეტი ბოდიალი აღარ შემიძლია! - თაკო ჩარკვიანის ემოციური გამოსვლა პირდაპირ ეთერში (ვიდეო) 
2021-02-23ტელევიზიებში მეტი ბოდიალი აღარ შემიძლია! - თაკო ჩარკვიანის ემოციური გამოსვლა პირდაპირ ეთერში (ვიდეო) 

 

ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა მელია “გავრილოვებმა დააკვეს” და ამიტომ, ბრძოლა “სამშობლოსთვის” აუცილებლად გაგრძელდება.

 

„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლისთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, დახურულ სივრცეში ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

რა ხდებოდა ხალხო, მეგონა ტერორისტული დაჯგუფების ბუდე აღმოაჩინეს და იქ უნდა შესულიყვნენ სადაც 10 ათასი შეიარაღებული ადამიანი იმყოფებოდა. კარი შემოამტვრიეს, ჩვეულებრივ ვიდექით, პირდაპირ გაზი შემოასხეს, რამაც ჩვენი პარალიზება გამოიწვია. ვისაც ძალ-ღონე ჰქონდა ჭიდაობდა და ასე ჭიდაობით გაიტაცეს ნიკა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

 

ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა იძაბება.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X