14:08 | 2020-12-21 ავტორი: Prime Time

ვინ იყო თვითნასწავლი ქართველი, რომელმაც ისლანდიელებს შუშანიკი უთარგმნა 

ვინ იყო თვითნასწავლი ქართველი, რომელმაც ისლანდიელებს შუშანიკი უთარგმნა 

მოქმედება ვითარდებოდა ლიტვაში, როცა პრეზიდენტების შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი ისლანდიელ კოლეგას, გუდნი იოჰანესონს შეხვდა:

 

საუბრის დროს ის მარგველაშვილს გამოუტყდა, რომ საქართველოს შესახებ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გრიგოლ მაჭავარიანისგან ჰქონდა გაგონილი. მარგველაშვილი ამ ფაქტით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, ამის შესახებ მან არაფერი იცოდა.

 

შემდეგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გრიგოლ მაჭავარიანი ღირსების ორდენით დაააჯილდოვა.

 

 

ჰალდორ ლაქსნესი ისლანდიერლი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, იზიარებდა კომუნისტურ იდეებს და საქართველოს ხშირადაც სტუმრობდა კიდეც. ამიტომ ბევრი მისი ნაწარმოებები ითარგმნებოდა რუსულად იმ პერიოდში, სწორედ, ერთ-ერთი მისი წიგნი იქცა პატარა ბიჭის ოცნების ახდენის გზად, მან „ისლანდიის ზარი“ ბაბუას სახლში ნახა. წიგნი რუსულ ენაზე იყო თარგმნილი, გრიგოლ მაჭავარიანი მაშინ მე-7 კლასში იყო, წიგნის ყდაზე იყო ისლანდიური სახლების სურათი, ბაბუასგან გაიგო თუ სად იყო ისლანდია, წიგნიც წაიკითხა და დაიწყო ფიქრი ოცნების ასრულებაზე, როგორ მოხვედრილიყო იმ ქვეყანაში, სადაც ფერადი ლამაზი სახლები იყო. მალევე გრიგილმა ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში რუსულ-ისლანდიური ლექსიკონი ნახა, ლექსიკონს ბოლოში რამოდენიმე ფურცელი გრამატიკის საფუძველბიც იყო, სწორედ ამ ლექსიკონით ისწავლა დამოუკიდებლად ისლანდიური ენა.

 

 

1986 წელს გრიგოლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მეგობრისგან შეიტყო, რომ უნივერსიტეტში სტუმრად იყო ისლანდიელი მეცნიერი ფრიდრიკ თორდასონი, მას ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მასპინძლობდა. კათედრის ხელმძღვანელი კი ელენე ბაბუნაშვილი იყო. გრიგოლ მაჭავარიანმა ქალბატონ ელენეს სთხოვა, მოეწყო მისი და ფრიდრიკის შეხვედრა. სწორედ მაშინ მოხდა პროფესორისა და ლინგვისტის დამეგობრება. გამგზავრებამდე ფრიდრიხი გრიგოლს სახლშიც ესტუმრა. სწორედ პროფესორი იყო ის ადამიანი, რომელიც ისლანდიიდან გრიგოლს ისლანდიურ წიგნებს და აუდიო კასეტებს უგზავნიდა, პირველად ამ აუდიო კასეტებიდან გაიგო მაჭავარიანმა, როგორ ჟღერს ისლანდიური ენა.

 

 

ჩვენ დავუკავშირდით გრიგოლ მაჭავარიანის მეუღლეს, ირმა მაჭავარიანს, იგი ისლანდიაში ცხოვრობს. ირმა მაჭავარიანმა ჩვენთან საუბარისას გაიხსენა მათი პირველი სტუმრობა ისლანდიაში – „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვრები გაიხსნა, გრიგოლის რამოდენიმე მეგობარი ინგლისში წავიდა სასწავლებლად, იქ მათთან ერთად სწავლობდა ისლანდიელი ბიჭი. ქართვლმა სტუდენტებმა მას მაშინვე მოუყვეს, რომ ჰყავთ მეგობარი, რომელმაც იცოდა ისლანდიური ენა. ისლანდიელმა სტუდენტმა არ დაიჯერა ეს ამბავი და სთხოვა მათ გრიგოლის მისამართი და მისწერა წერილი ისლანდიურ ენაზე. ასე დაიწყო გრიგოლის და გუდნი იოჰანესონს შორის მიმოწერა. გუდნი ახლა ისლანდიის პრეზიდენტია.

 

ერთ წერილში გრიგოლი გუდნის გამოუტყდა, რომ ძალიან უნდოდა ისლანდიის ნახვა. მეგობარმა ურჩია, გაეგზავნა ღია წერილი ერთ-ერთ ისლანდიურ გაზეთში. გრიგოლმა დაწერა ძალიან თბილი წერილი, და მალევე ისლანდიიდან  მოწვევა მოვიდა.

 

ისლანდიაში ჩასულებს საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს, ასე ალბათ მხოლოდ პრეზიდენტებს ხვდებიან. უამრავი ხალხი იყო აეროპორტში, მათ შორის, ბევრი ჟურნალისტი. ყველა მხრიდან გვიღებდნენ სურათებს და გვესაუბრებოდნენ. გრიგოლი მიიწვიეს ერთ-ერთ ტელევიზიაში. ოფიციალურ ბანკეტზე მიგვიპატიჟა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ყველას უკვირდა, როგორ ისწავლა თვისით ისლანდიური, ეს ენა ძალიან რთულია, თან გრიგოლი ძველი ისლანდიურით საუბრობდა“, – გვიყვება ირმა მაჭავარიანი.

 

გრიგოლი და ირმა ისლანდიაში მხოლოდ ორი კვირით აპირებდნენ დარჩენას, თუმცა მათი ვიზიტი ექვსი თვე გაგრძელდა.

 

გრიგოლმა ისლანდიურად თარგმნა „შუშანიკის წამება“, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“, ხოლო ისლანდიურიდან თარგმნა ისლანდიელთა წიგნი (Íslendingabók); საგებში განსწავლული ისლანდიელის საგა (Árnesinga sögur og Kjalnesinga: Íslendigs þáttr sögufróða); ჰელგი ჰალვარსონის საგა (Saga Helga Hallvarðsson); ბორგარფიორდელი სიგურდურის საგა (Borgfirðinga sögur: Sigurðar þáttr borgfirzka); ენაგველა გუნლაუგრის საგა (Gunnlaugs saga ormstungu); გრენლანდიელთა საგა (Grænlendinga saga); უკანასკნელი კათოლიკე ეპისკოპოსი, 1997, ავტორი თოურჰალურ გუჰტორმსონი(Jón biskup Arason, höfundur Þórhallur Guttormsson).

 

 

ისლანდიური საგები დაწერილია ხბოს ტყავზე, ორიგინალები ინახება ისლანდიის ხელნაწერების ინსტიტუტში სპეციალურ საცავებში. მათი ხელში აღება აკძალულია, მაგრამ გრიგოლს ისლანიელებმა მიანიჭეს ეს პატივი და მისცეს უფლება ხელში დაეჭირა უძველესი ისლანდიური საგები. ისლანდიის დამოუკიდებლობის მიღებამდე საგები დანიის ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა, 1944 წლიდან, მას შემდეგ რაც ისლანდიამ მიიღო დამოუკიდებლობა დანიის მთავრობამ დაუბრუნა ისლანდიას ეს ლიტერატურული განძი.

 

რაც შეეხება „უკანსკნელ კათოლიკე ეპისკოპოსს“, წიგნი მოგვითხრობს კათოლიკე ეპისკოპოსზე.

 

მე-16 საუკუნეში ქრისტიან III, დანიის მეფემ დაიწყო ლუთერანიზმის თავზე მოხვევა თავისი ქვეშრმდომებისთვის. იოუნ არასონი კათოლიკე ეპისკოპოსი დაუპირისპირდა ქრისტიან III-ს. მან მოაწყო ბრძოლა გარდაქმნის წინააღმდეგ, მაგრამ 1550 წელს ის ტყვედ ჩავარდა, იოუნ არასონს და მის ორ ვაჟს შემდგომში თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ ისლანდიელები გახდნენ ლუთერანები.

 

1993 წლის მაისში გრიგოლი და მისი მეუღლე დაბრუნდნენ სამშობლოში, გრიგოლს უნდა გამოეცა ისლანდიურიდან ნათარგმნი ნაწარმოებები, ბევრი ეცადა ფინანსების მოძიებას მაგრამ ამაოდ.

 

1996 წელს სამწუხაროდ გრიგოლ მაჭავარიანი ავტოავარიას ემსხვერპლა. უამრავი სამძიმრის წერილი მიიღო ოჯახმა ისლანდიიდან, მთელი ისლანდია გლოვობდა ქართველი მეგობრის გარდაცვალებას. მისი თარგმანები მისმა მეუღლემ, ირმა მაჭავარიანმა, გამოსცა 1997 წელს ისლანდიელი მეგობრების დახმარებით. საქართველოში არც იმ პერიოდში იცოდა ბევრმა და არც ახლა იცის გრიგოლ მაჭავრიანის შესახებ.

 

“გრიგოლ მაჭავარიანი დღემდე ახსოვთ და დღემდე დიდი სიყვარულით ისხენებენ ისლანდიაში, თუმცა მის სამშობლოში ძალიან ცოტამ იცის მის შესახებ. რამოდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდნეტმა, გიორგი მარგველაშვილმა გრიგოლ მაჭავარიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი პატივია” – განაცხადა ჩვენთან საუბარისას ირმა მაჭავარიანმა.

 

 

გრიგოლ მაჭავარიანი 1962 წლის 26 დეკემბერს დაიბადა, ის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც ისლანიურ ენას, როგორც მშობლიურს ფლობდა. მან ისლანდიური დამოუკიდებლად შეისწავლა. გრიგოლი ასევე სრულყოფილად ფლბდა ინგლისურ, ნორვეგიულ, რუსულ და გერმანულ ენებს. 1994-95 წლებში გრიგოლო მაჭავარიანი რეიკიავიკის, ბერლინის და სორბონის უნივერსიტეტების სკანდინავიური ფაკულტეტების საპატიო წევრად აირჩიეს.

 

1996 წლის თებერვალში გრიგოლმა თბილისში საფუძველი ჩაუყარა საზოგადოება “სკანდინავიური სახლის” დაარსებას. გრიგოლ მაჭავარიანი 1996 წლის 1-ელ აპრილს გარდაიცვალა.

 

ავტორი: ეკა მაზიაშვილი

ავტორი: Prime Time


X