fbpx
23:55 | 2021-01-05 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში საიდუმლოდ დაკრძალეს

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში საიდუმლოდ დაკრძალეს

1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ლავრენტი ბერია ჩამოიცილა.

 

ეს ის პერიოდია, როცა სკოლის მოსწავლეებმა, 14-15 წლის ბიჭებმა: ზვიად გამსახურდიამ, ანატოლი მიქაძემ და სხვებმა არალეგალური ჯგუფი ჩამოაყალიბეს. მათ შეუერთდნენ თამაზ გუნჯუა და ვლადიმერ სიხარულიძეც.

 

1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე, კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების, ე.წ. „დემოკრატიული განვითარების კურსი“ აიღეს.

 

ასე გამოიყურება სტალინის ერთადერთი შვილიშვილი - ჰგავს ის ბაბუას?
2020-11-17ასე გამოიყურება სტალინის ერთადერთი შვილიშვილი - ჰგავს ის ბაბუას?

 

სტალინის კულტის კრიტიკამ დიდი მასშტაბები მიიღო. აქცენტი კეთდებოდა მის ქართველობაზე, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ რეპრესიებისგან საქართველო სხვა რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა.

 

ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ქართველებმა მისი „საპროგრამო სიტყვა“ ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

 

დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისათვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.
9 მარტს ღამით, საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

 

ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი იყო 15 წლის ვარლამ ალავიძე. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლე და სტუდენტი იყო.
ხელისუფლება კარგა ხანს ცდილობდა ამ ფაქტის მიჩქმალვას, გასაიდუმლოებული იყო გარდაცვალებულთა სახელები და გვარები, ბევრი მათგანი დღემდეც უცნობია. ტრაგედიიდან მხოლოდ მეხუთე დღეს, 14 მარტს დაიწყო ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ცხედრების „გაცემა“.

 

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, მიტინგზე დახოცილი ახალგაზრდების რიცხვი არ გახმაურებულიყო. ჭირისუფლებს სწორედ ამ მიზნით არ მისცეს უფლება, წესისამებრ დაეტირათ და დაემარხათ მიცვალებულები. დაკრძალვას უშიშროების 4-5 მეთვალყურის თანხლებით, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ნათესავების დასწრება აკრძალული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო საქმეები ინახება, რომლებიც გვამცნობს, რა ხდებოდა იმ ღამეს თბილისში, როგორ უსწორდებოდნენ მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღებით, ხიშტებითა თუ ბლაგვი საგნებით.

 

ერთ-ერთი მოკლული 16 წლის თენგიზ შანიძე გახლდათ. რამდენიმე წლის წინ, მისი ძმა, ჯემალ შანიძე პრესასთან საუბრისას იხსენებდა:

 

„მე ერთ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი ძმა – სხვაში. ის თავის მეგობრებთან ერთად დილიდან იქ იყო. მე რომ მივედი, უკვე ზღვა ხალხი იყო. მალე გავიგე, რომ ჩემი ძმა მოკლეს. უშიშროების კომიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ძმისა და სხვა დახოცილთა დასაფლავებას შეუმჩნევლად ჩაევლო. თვითონ გამოასვენეს, თვითონ გათხარეს საფლავი… ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ვაკის სასაფლაოზე. საყელოაწეული, გრძელლაბადიანი „თანამშრომლები“ იდგნენ სასაფლაოზე, ალაგ-ალაგ“.

 

არქივში დაცული ოფიციალური ცნობებით 9 მარტის ღამეს დაიღუპნენ:

 

უშანგი მერკველიშვილი – 17 წლის, ბორის ზარგარიანი – 16 წლის, ოთარ გობეჯიშვილი – 21 წლის, რაულ ლოლუა – 20 წლის, შოთა ელიზბარაშვილი – 26 წლის, იუზა წერეთელი – 18 წლის, შენგელი ნოზაძე – 20 წლის, ჯიმშერ მამალაძე – 19 წლის, ვარლამ ალავიძე – 15 წლის, ლევან ხანგულოვი – 16 წლის, ანზორ ჩაკვეტაძე – 24 წლის, კლიმენტი რევაზიშვილი – 20 წლის, კიაზო ჭანტურიძე – 16 წლის, თენგიზ შანიძე – 16 წლის, თემურ თოფურია – 24 წლის, თემურ ბურდული – 24 წლის, რევაზ გოგია – 16 წლის, მიხეილ მათიაშვილი – 19 წლის, გულნარა სვანი – 20 წლის, ამბროსი ქოქრაშვილი – 27 წლის, ნაზი ბენიძე – 30 წლის, ლამარა სვანი, გურამ ტუნიევი – 19 წლის, ნუგზარ ღვთისაური, ლაშა მაზავრიშვილი.

 

На изображении может находиться: 24 человека
1956 წლის 9 მარტს დახოცილი ახალგაზრდები

ავტორი: მარი ჯაფარიძე
X