fbpx
16:25 | 2020-11-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის ცესკოს თანამშრომელი, რომელმაც თანამდებობა დატოვა?

ვინ არის ცესკოს თანამშრომელი, რომელმაც თანამდებობა დატოვა?

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელმა, ერთ-ერთი დეპარტამენტის სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ბურდულმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

ბურდული ამბობს, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ცესკოს ირგვლივ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციაში ვეღარ დარჩებოდა.

 

„მე ჩავთვალე, რომ ამ ყველაფრის ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ხდება მე იქ აღარაფერი მესაქმება, შესაბამისად ვთვლი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩემი ადგილი აღარ არის.

 

სიებით მანიპულაცია სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მანიპულაციაა და სიებით მაინიპულაცია იწყება იუსტიციის სამინისტროდან, საიდანაც გადაეცემა ცესკოს სიები და იქ უკვე იმ დონის დამუშავებულია, რომ შესაბამისად გამოსაყენებელია, როგორც მანიპულაციის ერთ-ერთი საგანი.

 

საარჩევნო უბანზე მანიპულაციის მრავალი საშუალება არსებობს, ჩვენ მრავლად ვნახეთ ფაქტები, სადაც არნახულო მოსყიდვა იყო განსაკუთრებით ამ არჩევნებზე და თუ მოსყიდვა არ ჭრის ამ შემთხვევაში უკვე სავარაუდოდ, როგორც სიუჟეტებიდან ჩანდა გადადიან უკვე იძულებაზე, შანტაჟზე, ძალადობაზე. ამ არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ზედა ზღვარი, ეს იყო მექანიკურად ოქმების ჩასწორება, რაც წინა არჩევნებზე ნამდვილად არ მახსენდება“, – ამბობს ივანე ბურდული „მთავარ არხთან“ საუბრისას.

 

ცნობისთვის, ივანე ბურდული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და წინა ხელისუფლების ლიდერებთან ახლო ურთიერთობა აქვს, რასაც სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ გავრცელებული ეს ფოტოც ადასტურებს. ფოტოზე ბურდული „ენმ-ს“ ერთ-ერთ ლიდერთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად არის გადაღებული. 

 

 

 

ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა.

 

მდინარაძის თქმით, ბურდული დიმიტრი შაშკინის პროტეჟეა და მისი მხრიდან მსგავსი საქციელი ბუნებრივია.

 

„არაა გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ ახლო ურთიერთობაში არიან „ნაცმოძრაობასთან“ და შესაძლოა, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ფონის შესაქმნელად, იგივე გაიმეორონ.

 

შესაძლოა ასეთი ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი, მათ ილუზიას უჩენს, რომ შექმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს, ქვეყანა ჩამოიშალა. საქართველოში არაფერი იმალება.

 

ინფორმაციის გავრცელების ძალიან ბევრი წყარო არსებობს. Facebook-ზე უკვე დაიდო მისი და დიმიტრი შაშკინის ფოტოები. როგორც ჩანს, მისი პროტეჟე იყო. ისინი მეგობრობენ და მისი საქციელი ბუნებრივია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X